სხვა

12:50 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება შეინარჩუნა (+VIDEO)

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის წოდების შენარჩუნება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის ბაშოს წინ, ჩვენებური კადობანში გახლდათ ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისთვის დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

ტოჩინოშინმა უმთავრეს მიზანს აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს მიაღწია. ქართველი სეკიტორი დასავლეთის მე-4 მაეგაშირა აბის გაეჯიბრა, მისი მავაშის ხელში მოგდება მოახერხა და დამაჯერებლად – შიტატენაგეთი იმარჯვა.

ამგვარად, ტოჩინოშინმა 6 მარცხის წილ მე-8 მოგება მიითვალა და შეუძლია მშვიდად იყოს საშემოდგომო სუპერტურნირის დასკვნითი დღის წინ, როდესაც ის დასავლეთის პირველ ოძეკი ტაკაიასუს გაეჯიბრება.

ლევანი იაპონელ ოძეკთან ურთიერთშეხვედრებში 7:9 მარცხდება, თუმცა, ერთხელ ქართველს ტექნიკური წაგება აქვს დაფიქსირებული.

ტოჩინოშინისგან განსხვავებით, ცუდად წავიდა თეიმურაზ ჯუღელის იგივე გაგამარუს საქმეები, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ირჯება, თუმცა, მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში დაქვეითება ემუქრება.

გაგამარუ აკი ბაშოს აღმოსავლეთის მე-12 განთესვით შეხვდა და დღეს მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვერ გადაურჩება.

ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-4 ნომერ ტომოკაძესთან ჰატაკიკომით წააგო, ხვალ კი, ძალებს აღმოსავლეთის მე-4 რეიტინგოსან დაიამამისთან მოსინჯავს, რომელთანაც 1:2 მარცხდება.

აკი ბაშოს გამარჯვებული კი ვადაზე ადრე გახდა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მიჯრით მე-14 გამარჯვება ოძეკი გოეიდოსთან იზეიმა და უახლოეს მდევრებს სამ-სამი მოგებით გაუსწრო.

0.117499