ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 561 345 ევრო) მეოთხედფინალში გამოეთიშა.
დღეს, მე-5 ნომრად განთესილი ბასილაშვილი უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ იაპონელ კეი ნიშიკორის გაეჯიბრა და 3:6, 6:4, 4:6 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მე-2 სეტში ნიკოლოზი ბრეიკით აგებდა, თუმცა, კეის მოწოდება 2-ჯერ აიღო და სეტებში წონასწორობა აღადგინა. გადამწყვეტ სეტში ბასილაშვილი 3:1 დაწინაურდა, შემდეგ კი შეცდომებს უმატა და ძირითადად ამის გამო, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა.
ამგვარად, ქართველმა ჩოგბურთელმა იმ 90 სარეიტინგო ქულის დაცვა ვერ მოახერხა, რომელიც მეცში შარშან ნახევარფინალში გასვლის წყალობით გამოიმუშავა.
მიმდინარე რეიტინგში ნიკოლოზს 1277 ქულა შერჩა და 3 პოზიციით უკან დაიხია ანუ მსოფლიოს 34-ე ჩოგანი გახლავთ.