ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მე-13 დღე წარუმატებელი აღმოჩნდა ტოჩინოშინის შიკონათი მოასპარეზე ლევან გორგაძისთვის. ქართველი სუმოისტი მისთვის უხერხულ მეტოქე – აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაის გაეჯიბრა და სუკუინაგეთი დამარცხდა.
იმაზე, რომ ტოჩინოშინს კუმამოტოელ სეკიტორთან უჭირს, სტატისტიკაც მეტყველებს. გორგაძე შოდაის წლეულს უკვე მეხუთედ გაეჯიბრა და მეოთხედ დამარცხდა, თუმცა, აქედან ერთ შემთხვევაში, ტექნიკური წაგება დაფიქსირდა.
დღევანდელი წარუმატებლობის მერე, ტოჩინოშინს, რომელიც კადობანში გახლავთ ჩაყენებული, 7 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა. შეგახსენებთ, რომ ლევანს ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად მინიმალური დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) მაინც სჭირდება, ამდენად, დარჩენილ ორ ორთაბრძოლას უდიდესი ყურადღებით უნდა მოეკიდოს.
ხვალ, ქართველი სუმოისტის მეტოქე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა აბი იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს. თუკი გორგაძემ იაპონელს აჯობა, უმთავრესი მიზანი უკვე მიღწეული იქნება.
“იმპერატორის თასს” კიდევ უფრო მიუახლოვდა მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მიჯრით მე-13 გამარჯვება იაპონელ იოკოძუნა კისენოსატოსთან იზეიმა. “თეთრი ფენიქსი” უახლოეს კონკურენტებს – ოძეკებს გოეიდოსა და ტაკაიასუს ორ-ორი მოგებით უსწრებს, ამდენად, ჩემპიონობისთვის დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან ერთში გამარჯვებაც ეყოფა.
სამწუხაროდ, ცუდი დღე ჰქონდა თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-12 განთესვით ირჯება და იმისთვის, რომ მაკუშიტაში არ აღმოჩნდეს, დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება.
აკი ბაშოს მე-13 დღეს გაგამარუ აღმოსავლეთის მე-5 ნომერ კოტოეკოსთან ამიუჩით დამარცხდა და 6 გამარჯვების წილ 7 წაგება მოუგროვდა. იოლი გამოსათველია, რომ ქართველ გოლიათს კაჩი-კოშისთვის დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება სჭირდება.
საშემოდგომო სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს, ჯუღელი ძალებს დასავლეთის მე-4 ნომერ ტომოკაძესთან მოსინჯავს. ქართველი იაპონელს კარიერაში პირველად გაეჯიბრება.