სხვა

13:30 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ჰაკუჰოს ვერ გაუმკლავდა (+VIDEO)

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს კარიერაში 27-ედ გაეჯიბრა და 26-ე მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე, გუშინ, დასავლეთის მე-2 ოძეკი ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუს ეფექტურად სძლია, დღეს კი, კიდევ ერთ დიდ ჩემპიონს ვეღარ გაუმკლავდა.

“თეთრმა ფენიქსმა” ჩვენებური დამაჯერებლად, სუკუინაგეთი დაამარცხა და ერთადერთ სუმოისტად რჩება, რომელსაც აკი ბაშოზე მაქსიმალური შედეგი (12 მოგება) აქვს.

ტოჩინოშინს 7 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილი 3 შერკინებიდან ერთის მოგებაც ეყოფა. შეგახსენებთ, რომ თუკი ქართველმა სეკიტორმა მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) მაინც დააფიქსირა, ის კადობანს თავს დააღწევს.

საშემოდგომო სუპერტურნირის მე-13 დღეს ჩვენებური ძალებს აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაისთან მოსინჯავს, რომელთანაც თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) აქვს, გასულ ივლისის ბაშოზე კი იაპონელს გამარჯვება უბრძოლველად მიენიჭა.

როგორც აღვნიშნეთ, “იმპერატორის თასის” მოპოვების საუკეთესო შანსი ჰაკუჰოს აქვს, მას კი კვალში იოკოძუნა კაკურიუ და ოძეკები გოეიდო და ტაკაიასუ უდგანან, რომელთა აქტივშიც 10-10 მოგებაა.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ისევ თანაბარ მაჩვენებლებზე (6 გამარჯვება, 6 წაგება) გავიდა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ გოლიათს, რომელიც აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით ირჯება, ჯურიოში ადგილის შესანარჩუნებლად კაჩი-კოში სჭირდება.

დღეს, თეიმურაზი დასავლეთის მე-5 რეიტინგოსან ტაკაგენჯის გაეჯიბრა და იორიკირით წააგო. ხვალ, გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-5 ნომერი კოეტოეკო დადგება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 3:2-ს უგებს.

0.129911