ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირის მე-11 დღეს ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს გაეჯიბრა და დიდებული გამარჯვება იზეიმა.
შეგახსენებთ, რომ კაკურიუს ზურგს 10 გამარჯვება უმაგრებდა და ჩვენებურთანაც ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა, ლევანმა მას შანსი არ დაუტოვა. ჩვენებურმა მეტოქეს მავაში ხელთ იგდო და ერთი მიძალებით დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, შემდეგ კი ჰაერში მეორედ შეათამაშა და უბრალოდ, ტავარას მიღმა გადადგა.
საინტერესოა, რომ ტოჩინოშინი კაკურიუს 25-ედ დაუპირისპირდა და მხოლოდ მესამედ სძლია, თუმცა, უდავოა, რომ იოკოძუნას ეს მარცხი დიდხანს ემახსოვრება.
ქართველ სუმოისტს 7 მოგება მოუგროვდა და მხოლოდ 1 წარმატება აშორებს დადებით ბალანსამდე, რაც მას ოძეკის წოდებას შეუნარჩუნებს.
აკი ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინს მორიგი გამოცდა ელის, რადგანაც გაჯიბრება კიდევ ერთ მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოსთან მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ქართველ სეკიტორს “თეთრ ფენიქსთან” ზედიზედ 25 (!) ბრძოლა ჰქონდა წაგებული, თუმცა, მეტოქეთა ბოლო დაპირისპირება ჩვენებურის გამარჯვებით დასრულდა: წლეულს, მაისის ბაშოზე ლევანმა მონღოლი იორიკირით დაამარცხა და იმედია, ამჯერადაც იყოჩაღებს. ვთქვათ ისიც, რომ ჰაკუჰო ერთადერთია, რომელსაც საშემოდგომო სუპერტურნირზე თერთმეტივე ბრძოლა მოგებული აქვს.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ. ქართველმა გოლიათმა, რომელიც აღმოსავლეთის მე-12 განთესვით ირჯება და დაქვეითებისგან გადასარჩენად დადებითი ბალანსი სჭირდება, ბოლო 5 ორთაბრძოლიდან 4 მოიგო და სატურნირო ვითარება გამოასწორა.
დღეს, გაგამარუმ დასავლეთის მე-4 ნომერი კიოკუშუჰო ოშიდაშით დაჯაბნა, 5 წაგების წილ მე-6 გამარჯვება იზეიმა და მიმდინარე ტურნირზე პირველად კაჩი-კოშიზე გავიდა. ქართველ გოლიათს მიზნის მისაღწევად დარჩენილი 4 შერკინებიდან ორის მოგებაც ეყოფა, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი დასავლეთის მეხუთე ნომერი ტაკაგენჯი ქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში 0:2 მარცხდება.