ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტებრის სუპერტურნირზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.
დასავლეთის მე-2 ოძეკის მქონე ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ მაეგაშირა კაისეის გაეჯიბრა და იორიკირით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა და ბრაზილიელმა სეკიტორებმა კლასიკური ორთაბრძოლა ჩაატარეს: მეტოქეებს მავაშიში ჰქონდათ ხელი ჩაჭიდებული და მაყურებელი იმის მოლოდინში იყო, ჯანში ვინ აჯობებდა. საბედნიეროდ, გადამწვეტი მიძალება ლევანმა განახორციელა და კაისეი ტავარას (დოჰიოს კიდე) მიღმა გაიყვანა.
გორგაძემ 4 მარცხის წილ მე-6 მოგება დააფიქსირა და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენებური კადობანში გახლავთ ჩაყენებული (ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება), მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ახლა, ტოჩინოშინს უმთავრესი ამოცანის გადასაწყვეტად დარჩენილი 5 შერკინებიდან ორის მოგებაც ეყოფა.
არადა, აკი ბაშოს მე-11 დღეს ქართველ სუმოისტს ურთულესი დაპირისპირება ელის. მისი მოწინააღმდეგე რიგით 71-ე იოკოძუნა კაკურიუ იქნება, რომელსაც საშემოდგომო სეუპერტურნირზე ათივე შეხვედრა მოგებული აქვს და კიდევ ერთ მონღოლ ჩემპიონ ჰაკუჰოსთან ერთად ლიდერობს. ტოჩინოშინი კაკურიუს 24-ჯერ გაჯიბრებია და მხოლოდ ორ ბრძოლაში უმარჯვია. ვთქვათ ისიც, რომ მონღოლთა უმთავრეს მდევრად დასავლეთის პირველი ოძეკი ტაკაიასუ (მან დღეს ოძეკთა ჯახში გოეიდო დაჩაგრა) რჩება 9 გამარჯვებით, რომელიც ხვალ ძალებს ჰაკუჰოსთან მოსინჯავს.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ. ქართველმა გოლიათმა აკი ბაშოზე მე-5 გამარჯვება დააფიქსირა და ისევ თანაბარ ბალანსზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით ირჯება და მორიგი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი) დაფიქსირების უფლება აღარ აქვს. დღეს, თეიმურაზმა დასავლეთის მე-9 ნომერი სეირო ოშიდაშით დაჯაბნა, ხვალ კი, დასავლეთისვე მე-4 რეიტინგოსან კიოკუშუჰოს გაეჯიბრება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 7:11 მარცხდება.