მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებს არც კი დაუსვენია და უკვე თელავში გაემგზავრა შეკრებაზე. ამით გუნდი საგაისო სეზონისთვის მზადებას შეუდგა, რომელიც სალიცენზიოა ანუ – უმნიშვნელოვანესი.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, კახეთში 10 კაცია წასული სავარჯიშოდ – მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამყოფ ექვსეულს (ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, ცოტნე მაჭავარიანი, ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე, აკაკი მოსულიშვილი) ფედერაციამ რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდაც დაამატა, ვისშიც ამ ეტაპზე გარკვეულ პერსპექტივას ხედავს.
შეგახსენებთ, რომ ტყვიის მსროლელებმა შარშანაც გაიარეს შეკრება თელავში, სადაც ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობდნენ და ვარჯიშობდნენ.
გუნდის ლიდერი ნინო სალუქვაძე სწორედ იმ შეკრებების დამსახურებად მიიჩნევს ახალგაზრდების წლევანმდელ წარმატებულ სეზონს: ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა, ლიზი კილაძე კი ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა.
ამასთან, ორივე მათგანი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ფინალში შევიდა ანუ მოწინავე 8 სპორტსმენს შორის მოხვდა.