კალათბურთი

0:52 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია პირველ მარცხს გადაურჩა, სერბეთმა იოლად იმარჯვა

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ზონიდან ფინალში ვადაზე ადრე გასული 3 ნაკრები გაირკვა და ორივე იმ ჯგუფიდანაა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი თამაშობს.
საუბარი გვაქვს გერმანიისა და საბერძნეთის ნაკრებებზე (მესამე გასული ჩეხეთია), რომელთაც L ჯგუფში ზედიზედ მე-8 მატჩები მოიგეს და მეტოქეთათვის მიუწვდომლები გახდნენ.
ბერძნებმა წარმატებას სად და როგორ მიაღწიეს, ამაზე აქ აღარ შევჩერდებით, გერმანელებმა კი მორიგ გამარჯვებას ლაიფციგში მიაღწიეს, სადაც ისრაელს ოვერტაიმში 112:98 სძლიეს.
არადა, ჰენრიკ რიოდლის შეგირდები საკვალიფიკაციო ციკლში პირველ მარცხთან ძალიან ახლოს იყვნენ. გერმანიის ნაკრები 20 ქულის სხვაობით მარცხდებოდა და ზედ ბოლო წამზეც მდევრის როლში იყო, თუმცა, თამაშის ოვერტაიმში სასწაულებრივად გადაყვანა მოახერხა და იქ მორალურად გატეხილ მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებს დენის შრიოდერმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა და 13 პასი მიითვალა, ხოლო რობინ ბენცინგმა 24 ქულას 7 მოხსნა წაამატა. ებრაელთა რიგებში საუკეთესო ჯეიკ კოენი იყო 23 ქულითა და 8 მოხსნით. საქართველოსთან მატჩის მსგავსად, ორმაგი დუბლი შეასრულა ტამირ ბლატმა – 16 ქულა, 10 პასი.

გაცილებით ნაკლები ინტრიგა იყო ბელგრადში გამართულ მატჩში, სადაც სერბეთი ესტონეთს დაუხვდა და მოლოდინისამებრ იოლად – 91:65 იმარჯვა. მასპინძელთაგან 10 და მეტი ქულა ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო, ყველაზე შედეგიანი კი ნემანია ბიელიცა იყო 14 ქულით.

შედეგად, საშა ჯორჯევიჩის შეგირდებმა მე-5 მოგება მიითვალეს და საქართველოსა და ისრაელს უკვე 2 გამარჯვებით უსწრებენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო გადის, ამდენად, სერბები მიზანთან ძალიან ახლოს არიან.

საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო შეხვედრები 30 ნოემბერს შედგება: საბერძნეთი გერმანიას შეხვდება, ისრაელი – სერბეთს, ხოლო ესტონეთი – საქართველოს.

0.115688