საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა. გოგონათა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდების ევროკონკურენციაში სულ 18 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ჩაება.
ქართველმა ძიუდოისტებმა ჩემპიონატი პოლონეთთან დაპირისპირებით გახსნეს და მეტოქე 5:2 დაამარცხეს. მეორე მოწინააღმდეგეს – სერბეთს 5:1 აჯობეს. მეოთხედფინალში კი გერმანიასთან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით - მეცხრე შეხვედრაში წააგეს (4:5) და რეპეშაჟის მეოთხედფინალში გადაერთნენ. ბრინჯაოს გზაზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთისა (5:2) და იტალიის (5:3) ნაკრებები დაამარცხა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ჰოლანდიასთან ვეღარას გახდა (3:5).
ევროპის გუნდური ჩემპიონი რუსეთი გახდა, ფინალში საფრანგეთის ძლევით. მესამე საპრიზო ადგილი კი ჰოლანდიასთან ერთად გერმანიამ დაიკავა.