საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელმა ნიკ კალატესმა საქართველოს ნაკრებთან (86:85) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. ბერძენი მოთამაშის განცხადებით, მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ პრესინგისა და დაცვის ხარჯზე საბერძნეთმა მიზანს მიაღწია.
"რთული თამაში იყო ორივე გუნდისთვის. საქართველოს ნაკრებმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. პირველ ტაიმში 17 ქულით ჩამოვრჩით, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე ძირითადად დაცვის ხარჯზე შევძელით ჩამორჩენის აღმოფხვრა. ბოლოს კი, წუთითა და 28 წამით ადრე საქართველო ისევ იგებდა, მაგრამ პრესინგისა და ზუსტი სროლების წყალობით მოვიგეთ. ძალიან რთული თამაშის მოგება მოვახერხეთ, დაცვისა და პრესინგის ხარჯზე.
ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. სამქულიანების ხარჯზე შემიძლია ჩავთვალო, რომ ეს გახლდათ ეროვნულ ნაკრებში ჩემი გამორჩეული მატჩი“, - განაცხადა კალატესმა.
შეგახსენებთ, საბერძნეთმა საქართველო ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთის წყალობით 86:85 დაამარცხა, ხოლო კალატესი პარკეტზე საუკეთესო იყო - 31 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს.