ბლოგი

16:45 | 16.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიცე-კაპიტანი ალყაში

მიუხედავად იმისა რომ სპორტი და კონკრეტულად ფეხბურთი თავისი არსით ძალადობისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ფენომენია (და ეს არაერთმა ფაქტმა დაადასტურა) სამწუხაროდ, ხშირად სწორედ ფეხბურთი იქცევა “ასპარეზად“ ათასი ყაიდისა და ჯურის ხალხისა, რომლებიც საკუთარი, უფრო სწორად კი მავანთა მიერ თავსმოხვეული “დიადი ანტილიბერალური იდეების“ გამო მზად არიან შეზღუდონ სხვათა თავისუფლება, შეურაცხყონ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მათსავით არ ფიქრობს და ეს გააკეთონ პრინციებისა და ღირებულებების სახელით.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ცხადია არც პირველი ფეხბურთალია და არც ბოლო იქნება, რომლებმაც არ გაითვალისწინეს არსებული “საზოგადო შეხედულებები“ და ხმამაღლა თქვეს ის, რაც სწორად მიაჩნიათ. ეს სიმტკიცე ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ - უეფამ სათანადოდ დააფასა და გურამს სპეციალური ჯილდოც კი გადასცა რაც მაგალითად ბევრ ცნობილ უცხოელ ფეხბურთელს არასოდეს მიუღია. ამ ჯილდოს მიცემა იყო და კაშიას წინააღმდეგ საქართველოში ისეთი საშინელი კამპანია აგორდა, თითქოს ამ კაცის კისერზე იყოს ყველა უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირს და დაემარათა.

მხოლოდ სოციალური ქსელიც კმარა იმის გასაგებად, თუ რა რთულია საქართველოში იყო ფეხბურთელი, რომელსაც გაქვს შენი პოზიცია და ეს პოზიცია ბოლომდე დაიცვა. გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ და ღიად ამბობენ, რომ მათი ოცნებაა “ამ სითავხედის გამო“ კაშიას დასჯა და თანახმა იქნებიან, თუკი ფეხბურთელის მასობრივ ჩაქოლვაშიც კი მიიღებენ მონაწილეობას.

ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტნის პოზიცია. არც კრიტიკაა აკრძალული. მაგრამ, კაშიას წინააღმდეგ აგორებული ზიზღის კამპანია აშკარად ატარებს დისკრიმინაციის ხასიათს. უცნაურია, მაგრამ დისკრიმინაციაც კი შეიძლება გახდეს ადამიანის განვითარებისა და წინსვლის საწყისი. თუმცა, აპრიორში დისკრიმინაცია პროგრესის აუცილებელ მიზეზად ვერ ჩაითვლება. ცნობილი ამბავია, რომ წარმატებას ხშირ შემთხვევაში დისკრიმინირებული ადამიანები აღწევენ თუკი მათ ამის საშუალება მიეცემათ და ამის მაგალითად მრავალი ცნობილი პერსონის ცხოვრების ისტორიის მოყვანაც შეიძლება ნაპოლეონით დაწყებული და ნიკო ფიროსმანით დამთავრებული.

თუმცა, საუკეთესო მაგალითად, თანამედროვე შვედი მწერლის, სულ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი სტიგ ლარსენის ცნობილი ტრილოგიის მთავარი გმირის, დრაკონის ტატუნიანი გოგონას, ლისბეთ სალენდერის მაგალითიც კმარა.

ლისბეთის მამა, გასული საუკუნის ბოლოს შვედეთში გაქცეული საბჭოთა კავშირის აგენტი ზალაჩენკო ფიზიკურად გამუდმებულად ძალადობდა თავის ოჯახზე - ლისბეთის დედაზე და შვილებზე. ლისბეთი ბავშვობიდან განიცდიდა მრავალი სახის შევიწროვებასა და დისკრიმინაცია, რამაც მის ფსიქიკას განუშორებელი პრობლემები დაუტოვა, თუმცა, ამ საოცარი გოგონას შესაძლებლობების დიდი ნაწილი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ დისკრიმინაციულმა გარემომ გამოკვეთა და ერთი არაფრით გამორჩეული ბავშვი მსოფლიოში საუკეთესო პროგრამისტი და თანამდროვე ტექნოლოგიების ბრწყინვალე სპეციალისტი გახდა.

არ ვიცი, ეს ყველაფერი დაეხმარება თუ არა ჩვენი ნაკრების მცველს კარიერულ წინსვლაში, მაგრამ გურამ ფაქტია, რომ კაშიას წინააღმდეგ აგორებული ზიზღიც მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიერ ერთ ფეხბურთელზე წარმოებულ ზეწოლაზე ბევრად შორს მიდის და ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მრავალ პრობლემას ნათელყოფს.

Loading...
0.115086