შვეიცარიის თასის 1/8 ფინალში გავიდა "ლუცერნი", რომლის ღირსებას ქართველები, ვაკო გვილია და ოთარ კაკაბაძე იცავენ. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი ახლახან გადავიდა ამ გუნდში და დებიუტი სწორედ შვეიცარიის თასის 1/16 ფინალში, ქვედა ლიგელ ჟენევის "სერვეტთან" ჰქონდა.
შეხვედრა ძალიან დრამატული და უხგვოლიანი გამოდგა. ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და საბოლოოდ - 3:3. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც "ლუცერნის" ფეხბურთელებმა ივარგეს და მოიგეს 5:4.
ქართველები ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილან, თუმცა თავისი წვლილი მაინც შეიტანეს გამარჯვებაში. გვილია მინდორზე 61-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა (1:2), ხოლო კაკაბაძე რენე ვეილერმა თამაშში 72-ე წუთიდან ჩართო. ოთარს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა, რადგან ელეკემ 102-ე წუთზე სწორედ მისი ფლანგური გადაცემის შემდეგ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა, ხოლო პენალტების სერიაში ვაკო გვილიამაც შეასრულა თანაგუნდელთაგან რიგით მეოთხე დარტყმა და გატანა მოახერხა.