სხვა

13:20 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტთა წარმატებული დღე აკი ბაშოზე (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა.

აკი ბაშოს მე-7 დღეს, დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ჩვენებური მონღოლ გოლიათს (227 კგ.), აღმოსავლეთის სეკივაკე იჩინოჯოს გაეჯიბრა და იორიკირით სძლია.

ორთაბრძოლა არც ისე იოლი გამოდგა. მძიმეწონოსანმა მეტოქემ ქართველს მძლავრად შეუტია და უკანაც დაახევინა, თუმცა, ჩვენებურმა კონტრერიშის წამოწყება მოახერხა, მონღოლი დოჰიოს კიდესთან მიიმწყვია და გადამწყვეტი ბიძგიც განახორციელა.

საშემოდგომო სუპერტურნირის შუალედურ მე-8 დღეს (ნაკაბი) ტოჩინოშინის მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის ოძეკი გოეიდო იქნება, რომელიც შეჯიბრის ერთ-ერთ ფავორიტად რჩება. ოსაკელ სეკიტორს ტოკიოში 6 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, ჩვენებურს კი ურთიერთშეხვედრებში 15:10-ს უგებს.

ვთქვათ ისიც, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაუმარცხებლად კვლავაც 4 მონაწილე ასპარეზობს. ესენი იოკოძუნები კაკურიუ და ჰაკუჰო, დასავლეთის ოძეკი ტაკაიასუ და აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი არიან.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში წარმატებული დღე ჰქონდა გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. აღმოსავლეთის მე-12 რეიტინგის მქონე ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთისვე მე-8 ნომერი ცურუგიშო იორიკირით დაამარცხა და 4 წაგების წილ მე-3 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუს ჯურიოში ადგილის შესანარჩუნებლად მინიმალური დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) მაინც სჭირდება, ამდენად, ქართველისთვის ყოველ წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯუღელის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მე-7 ნომერი ჩიიონოო იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში მცირედით სჯობნის – 7 მოგება, 6 მარცხი.

0.178062