ფეხბურთი

10:29 | 15.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების კონტიგენტი და ვლადიმირ ვაისის არჩევანი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება წარმატებით დაიწყო და ახლა მთავარია აღებული ტემპით ბოლომდე იაროს. გზა გრძელია და რთულიც, თუმცა, ისიც ნათელია, რომ ამაზე ადვილი გზა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამადე არ არსებობს.

როგორც უკვე ვთქვით, გზა გრძელია და შესაბამისად, ვლადიმირ ვაისს ზოგჯერ ტრავმებთან, ზოგჯერაც დისკვალიფიკაციებთან მოუწევს გამკლავება. საქართველო დიდი ქვეყანა არაა და ბუნებრივია, სლოვაკ სპეციალისტი კონტიგენტის მხრივ, საკმაოდ შეზღუდულია. თუმცა, მაინც საინტერესოა თვალი გადავავალოთ ეროვნული ნაკრების უახლოეს რეზერვს. ვისი გამოძახებაა შესაძლებელი და ვინ შეიძლება იყოს “ჯვაროსნებისთვის” ახალი სახე.

თავდაპირველად იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს გადავავლოთ თვალი, რომლებიც ვაისს ბოლო შეკრებაზე ჰყავდა მიწვეული:

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, ლაზარე კუპატაძე

მცველები: ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვერკველია, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი ნავალოვსკი, ჯიმი ტაბიძე

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი მერებაშვილი, გიორგი არაბიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ჯაბა ჯიღაური

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა

ზოგადად ასეა, ეროვნული ნაკრების უპირველესი წყარო 21 წლამდე ნაკრებია. ჩვენთანაც, ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელია, რომელთა ეროვნულ გუნდში გამოძახება უახლოეს პერიოდში შესაძლებელია. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც შესაბამის კატეგორიაში ვეღარ თავსდებიან, თუმცა ნაკრების კარი ბუნებრივია მათთვისაც ღიაა. ვეცდებით, მეტ-ნაკლებად ყველა ფეხბურთელზე ვთქვათ და მივყვეთ პოზიციების მიხედვით...

მეკარე

ვლადიმირ ვაისის სიაში ბოლოს გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე და ლაზარე კუპატაძე მოხვდნენ. თუმცა, ვაისის განკარგულებაშია გიორგი მაკარიძე, რომელიც საიმედო მეკარეა და ამჟამად ტრავმამ შეუშალა ხელი. არ უნდა დავივიწყოთ ნუკრი რევიშვილი. 31 წლის გამოცდილი კიპერი, რომელსაც არათუ კარიერაში, არამედ ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას. ნუკრი თუ მოახერხებს ამ ყველაფრის გადალახვას და ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას, ბუნებრივია, მასზე დაყრდნობა შეიძლება, რადგან მეკარისთვის 31 წელი არაა მაინც და მაინც, ჩამოსაწერი ასაკი. და კიდევ, ზაურ მახარაძე. მას ზაფხულის შეკრების წინ ქართული პასპორტიც გადაეცა და გუნდთან ერთად იყო, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, ყველა საბურთი ამ ეტაპზე წესრიგში არაა. იმედია, მახარაძის პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება, რადგან უკრაინის ჩემპიონატში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და შესაძლებელია მისი ნდობაც.

დაცვა

დაცვის ცენტრით დავიწყოთ. პოზიცია, რომელიც ალბათ დღეს ყველაზე ნაკლებადაა საფიქრალი და სანერვიულო. გურამ კაშია, სოლომონ კვირკველია და დავით ხოჭოლავა ის ფეხბურთელები არიან, რომელთა კისერზეც გადაივლის სანაკრებო მატჩების უმრავლესობა. უნდა გვეიმედებოდეს ჯიმი ტაბიძისა და ლაშა დვალის, რომლებიც ჯერაც ახალგაზრდულ ასაკში არიან, თუმცა, რუსულ “უფასა” და პოლონურ “პოგონში” სათამაშო დროს დანატრებულნი ნამდვილად არ არიან. სხვა მხრივ, 21 წლამდე ნაკრების წევრები, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური და ანდრო გიორგაძე უნდა გამოვყოთ. თუ ეს ფეხბურთელები მოახერხებენ კარიერის განვითარებას, რატომაც არა, შესაძლოა, ვაისს მათი იმედიც ჰქონდეს.

გაცილებით რთული სიტუაციაა დაცვის ორივე ფლანგზე. ფაქტობრივად, ნაკრებს თითო მარჯვენა და მარცხენა მცველი ჰყავს და ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა. ოთარ კაკაბაძე ბუნებრივია უალტერნატივოა, მაგრამ შემცვლელი მასაც სჭირდება. სხვა თუ არაფერი, კონკურენცია ის საკითხია, რომელიც ფეხბურთელის განვითარებასა და პროგრესს განაპირობებს. სამწუხაროდ, ეს პოზიცია საქართველოში დიდი ხანია აქილევსის ქუსლია. და მაინც, რა არჩევანი აქვს ვლადიმირ ვაისს? – უპირველეს ყოვლისა, გიორგი მჭედლიშვილი უნდა ვახსენოთ. ის, ხორვატიის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და მუდმივად მოედანზეა. მჭედლიშვილი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც დაცვაშიც კარგად ხელეწიფება გარჯა და შეტევაშიც გამოსდის ჩართვები. საინტერესოა, რომ ვაისი მისი სამსახურით აქამდე არ დაინტერესებულა და ამხანაგურ მატჩებშიც არ მიუცია შანსი. არადა, ხორვატული “გორიცას” წევრი კაკაბაძის კარგი ალტერნატვია უნდა იყოს... სამაგიეროდ, ვაისმა რამდენჯერმე მისცა შანსი ქუთაისის “ტორპედოს” მცველ ლევან გეგეჭკორს. ვერ ვიტყვით, რომ მან სლოვაკს იმედი გაუმართლა, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ვინძლო, ისევ დაეყრდნოს.

არანაკლებ რთული მდგომარეობაა საპირისპირო ფლანგზე. გიორგი ნავალოვსკი და შემდეგ ფაქტობრივად არაფერი... ასეთ პირობებში ვაისმა ლაშა დვალი გამოსცადა მარცხენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ დიდად შედეგი ამასაც არ მოუტანია. სლოვაკი ხშირად იწვევს ლატვიური “რიგასის” წევრ ლაშა შერგელაშვილს, მაგრამ ეს სიმშვიდის უფლებას არ იძლევა. ასეთ ფონზე, ბევრი მიიჩნევს, რომ ეროვნული ნაკრების ღირსია “ტორპედოს” ფეხბურთელი გიორგი ქიმაძე. თუმცა, მას ეროვნული ნაკრების დონეზე არანაირი გამოცდილება არ გააჩნია და ეს უკვე პრობლემაა. ვინაიდან, ვაისის გეგმები ამჟამად ნათელია: ენდობა და ეყრდნობა ფეხბურთელებს, რომელთა შესაძლებლობას იცნობს და რომლებიც, ეროვნულ ნაკრებს გაშინაურებულნი არიან. ეს ალბათ სწორი მიდგომაა, რადგან ექსპერიმენტების დრო ერთა ლიგაზე ნამდვილად არაა. ქიმაძეს რაც შეეხება, მარცხენა მცველის პოზიციაზე მას გუნდში ბულგარელი ლაზარ მარინი ჰყავს კონკურენტად და ამიტომ, კახა ჩხეტიანმა ნახევარდაცვაში გადაიყვანა. ამ პოზიციაზე ქიმაძემ ევროტურნირებზე მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ერთია მცველობა და მეორე, როდესაც შეტევაში ირჯები. ყოველშემთხვევაში, კანდიდატთა შორის ისიც უნდა მოვიაზროთ. 18 წლის ლევან ხარაბაძეს თბილისის “დინამოში” კარგი სეზონი აქვს და ვინძლო, ახლო მომავალში მისთვისაც გაიხსნეს ეროვნულის კარი. იგივე უნდა ვთქვათ, “საბურთალოს” წევრ ლუკა ლაკვეხელიანზე. აი, ყოფილი დინამოელი და ამჟამად სლოვაკურ “ჟილინაში” მოასპარეზე გიორგი თევზაძე კი, თუ სლოვაკეთში თავს დაიკვიდრებს, რატომაც არა, ნიჭიერი ფეხბურთელია. ბოლოს, უნდა ვახსენოთ ზურაბ ცისკარიძე, რომელიც 2016 წელს ვაისს ჰყავდა კიდეც ნაკრებში და გამოსცადა. თუმცა, მას შემდეგ მისთვის ეროვნული ნაკრების კარი არ გახსნილა. როგორც ჩანს, ვაისის მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ არაა გამორიცხული საჭიროების შემთხვევაში, სლოვაკმა ისევ გამოიძახოს.

ნახევარდაცვა (საყრდენი ზონა)

ვაკო გვილია, ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი – ეს ოთხეული აშკარად გამოკვეთილია დღევანდელი მოცემულობით. თანაც, ვაისი უმეტესწილად, ორი საყრდენით თამაშობს და ორიც სათადარიგო სკამზე სრულიად საკმარისია. ამავე პოზიციაზე თამაში შეუძლია ოთარ კიტეიშვილსაც, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე ნაკრების წევრია, რომელსაც ფორმაში ყოფნის შემთხვევაში ვაისი ალბათ ყოველთვის გამოიძახებს და ნელ-ნელა სათამაშო დროსაც დაუთმობს. და, ჯანო ანანიძე, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში უთამაშია ამ პოზიციაზე, საკმაოდ კარგადაც. უნდა ვახსენოთ ლუკას ჰუფნაგელიც, რომელსაც უკვე უთამაშია ეროვნულ ნაკრებშიც და ვაისსაც ჰყავდა გამოძახებული. ბოლო დროს მისი საკლუბო კარიერა ვერ განვითარდა სათანადოდ, მაგრამ თუ პროგრესის გზას დაადგება, ადვილი შესაძლებელია მისი იმედიც გვქონდეს. საყრდენი ნახევარმცველია ლაშა პარუნაშვილიც, რომელიც დანიის სუპერლიგაში ირჯება და საკმაოდ კარგადაც. პარუნაშვილი ზედიზედ ორჯერ (ივლის-აგვისტო) კლუბის (“ესბიერგი”) საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მოქმედ ჩემპიონ “მიდტიულანდთან” კი ულამაზესი გოლიც შეაგდო.

ნახევარდაცვა (შემტევი ზონა)

ოთარ კიტეიშვილი აქაც უნდა მოვიაზროთ. სხვა მხრივ, ვაისის განკარგულებაში არიან იგივე ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი არაბიძე, გიორგი მერებაშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი – ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში სისტემატურად ხვდებიან. თუმცა არის კიდევ რამდენიმე სახე, რომლებიც უცხოეთში წარმატებულად თამაშობენ და ვაისი უკანასკნელ სპარინგებშიც აკვირდებოდა მათ, მაგრამ ერთა ლიგის საწყის ეტაპზე გუნდში არ მიუწვევია.

საბა ლობჟანიძე – დანიური “რანდერსის” ლიდერია უკვე მეორე სეზონია. საბა სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, თანაც უნივერსალი, რომელსაც ორივე ფლანგზე და სხვათა შორის, ცენტრშიც შეუძლია კარგად თამაში.

გიორგი ხარაიშვილი – იგივე უნდა ვთქვათ, გიორგიზე, რომელიც შვედურ “გიოტებორგში” ფეხს დღითიდღე იკიდებს. ხარაიშვილი ძირითადად ე.წ “ტრეკვარტისტას” (გამთამაშებელი) პოზიციაზე მოქმედებს, მაგრამ შვედეთში ბოლო დროს მარცხენა ფლანგზეც ხშირად ირჯება.

ლუკა ზარანდია – პოლონური “არკას” ძირითადში ხშირად ვხედავთ და გოლებიც გააქვს. ზარანდია ძალიან ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს. ვაისმა ერთხელ გამოიძახა აქამდე, თუმცა, მაშინ ტრავმამ შეუშალა ხელი და შეკრების გამოტოვება მოუწია. ცალსახაა, რომ უახლოეს რეზერვშიც ისიც მოიაზრება.

რამდენიმე თვის წინ ქართული პასპორტი მიიღო ბექა ვაჩიბერაძემ. ჰუფნაგელისა არ იყოს, მასაც არ აქვს საკლუბო კარიერაში წარმატებები ამ ეტაპზე, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. არ დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე, ვაჩიბერაძის გზა გაიარა ვაკო გვილიამ – ჯერ უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ითამაშა და მერე საქართველოს. გვილია კი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა დღეს “ჯვაროსნებისთვის” დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. შესაძლოა, ვაჩიბერაძის შემთხვევაშიც ასე მოხდეს და ეს ნამდვილად არ გვაწყენდა... ბოლოს გაფართოებულ შემადგენლობაში იყო გამოცდილი სანდრო კობახიძეც, რომელის პოლტავას “ვორსკლას” ლიდერია. რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას – რა თქმა უნდა, ის გამოცდილია და ეროვნულ ნაკრებსაც კარგად იცნობს. თუმცა, საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და ამასთან, ვაისი იქამდეც არ სწყალობდა. როგორც ჩანს, სლოვაკმა გიორგი დისციპლინის დარღვევისთვის აითვალწუნა და მას შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში აღარ ეყრდნობა. შეიძლება აკაკი გოგიას მოსაზრებაც, რომელიც გერმანიის II ბუნდესლიგაში წარმატებით თამაშობს, თუმცა, მისთვის ქართული პასპორტის გადაცემა ჯერჯერობით ვერ ხერხდება და შესაბამისად, ამის გარეშე, სურვილიც რომ გვქონდეს, ნაკრებში ვერ ითამაშებს...

თავდასხმა

ბევრი მიიჩვენს, რომ საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად ამ პოზიციაზე უჭირს. ლევან მჭედლიძე ტრავმებისკენაა მიდრეკილი და სასურველ ფორმას რამდენად აღიდგენს, ჯერ კიდევ საკითხავია. ამ დროს გამოჩნდა საიმედო გიორგი ქვილითაია, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მძიმე ტრავმები მასაც დასჩემდა. არადა, ეს ფორვარდი რომ ფორმაშია, მართლაც გვაქვს სიმშვიდის უფლება. ნიკა კაჭარავა კიდევ ერთი ფორვარდი, რომელსაც ვაისი სისტემატურად იძახებს. მისგან კარგი მატჩები გვახსოვს და ლატვიასთან ჩაგდებული თამაშის გამო ხაზის გადასმა ნამდვილად არ ივარგებს. კაჭარავა თუ ფამაგუსტას “ანორთოსისში” თავს დაიმკვიდრებს და ფორმაში იქნება, ურიგო არჩევანი არ უნდა იყოს.

სხვა მხრივ, ახალ სახეებს რაც შეეხება: კაჭარავას თანაგუნდელია “ანორთოსისში” ბექა მიქელთაძე, რომელიც 21 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და წესით შორს არ უნდა იყოს ის დღე, როდესაც ვაისისგანაც მიიღებს ეროვნულ გუნდში მიწვევას. მიქელთაძე კვიპროსში ცოტა ხნის წინ გადავიდა და ნელ-ნელა გუნდსაც უშინაურდება. კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში გამარჯვების გოლიც გაიტანა. საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემტევები გიორგი კოხრეიძე და ვატო არველაძე ალბათ უფრო შორეული პერსპექტივისთვის უნდა მოვიაზროთ. სამაგიეროდ, ვაისის დაკვირვების და ინტერესის კუთხის ქვეშ უკვე უნდა იყოს ავთო ებრალიძე. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის დონის ჩემპიონატში მუდმივი სათამაშო პრაქტიკით ქართველი ფეხბურთელები განებივრებულები მართლაც არ არიან. ებრალიძე კი, ერთ-ერთი მათგანია და თანაც, ჯერ მხოლოდ 26 წლისაა. “შავესის” ფეხბურთელის გამოჩენა უახლოეს პერიოდში მართლაც მოსალოდნელია. მას ეროვნულ ნაკრებში 3-ჯერ აქვს ნათამაშები, თუმცა, ეს 2014 წელს მოხდა.

უნდა ვახსენოთ დავით სხირტლაძეც, რომელმაც ახლახან დანიური “სილკებორგი” დატოვა და კარიერას ტრნავას “სპარტაკში” გააგრძელებს. სლოვაკეთში, ვაისის სამშობლოში და თანაც, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს. სხირტლაძე ვაისს ადრეც ჰყავდა მიწვეული და ავსტრიასთან (1:2) წაგებულ შეხვედრაში საგოლე პასიც გააკეთა. სლოვაკი სპეციალისტი კარგად იცნობს ბაჩო არაბულის შესაძლებლობსაც, რომელიც რამდენჯერმე მიიწვია და ამხანაგურ შეხვედრებში დაეყრდნო კიდეც. 24 წლის შემტევი ამჟამად უნგრული “პუშკაშ აკადემიის” ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში გოლის გატანა უკვე მოასწრო.

რა თქმა უნდა, ზემოხსენებული ნუსხა პირობითია და ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ნებისმიერი დროს გადაიხედოს. საქართველოს ნაკრების კარი ყველასთვის ღია უნდა იყოს და თუ ვინმე თავს სათანადოდ გამოიჩენს, ისეთ დონეზე, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრეტენზიის მქონე გუნდს რომ შეეფერება, დავწერთ, ვეცდებით საჭირო ყურამდე მივიტანოთ ინფორმაცია. ამასთან, შესაძლოა, დღეს ვინმე არ თამაშობდეს ისეთ ფეხბურთს, რომელიც ნაკრებს შეეფერება, მაგრამ პროგრესი განიცადოს და ხსენებულ სიმაღლეს მიაღწიოს. ბუნებრივია, მისთვისაც უნდა გაიღოს საქართველოს ნაკრების კარი.

საბოლოო ჯამში კი რა თქმა უნდა, ყველაფერი ვლადიმირ ვაისის და მისი სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია...

0.121242