ფეხბურთი

19:01 | 14.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის XXIV ტური გოლების წვიმით გაიხსნა

საქართველოს ეროვნული ლიგის 24-ე ტური თბილისში დაიწყო, სადაც „სამტრედიამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა. მატჩი ძალზე დაძაბული, დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა და მცირერიცხოვანმა ქომაგმა, რომელიც სტადიონზე იმყოფებოდა, რვა გოლი იხილა.

თუმცა პირველ ტაიმში ბურთი ბადეში ოდენ ერთხელ აღმოჩნდა. „დილას“ ლიდერებმა, ლეანდრო რიბეირომ და მიკოლა კოვტალიუკმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს, რაც უკრაინელი ლეგიონერის გოლით დასრულდა. შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მოსაწყენად არ ეცალა მაყურებელს.

„დილამ“ მალევე გაზრდა სხვაობა. ამჯერადაც კოვტალიუკი-ლეანდროს კომბინაცია, ოღონდ გადამწყვეტი დარტყმა ბრაზილიელმა შეასრულა. „სამტრედიამ“ მალე ერთი ბურთი გაქვითა. ბექა ტუღუშმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა, გოლი კი მართლაც ლამაზი გამოვიდა.

73-ე წუთზე მასპინძლებმა უყურადღებოდ ითამაშეს და მეკარესთან პირისპირ ლეანდრო დარჩა. ტექნიკურ ბრაზილიელს რომ გატანა არ გასჭირვებია, რა გასაკვირია. თითქოს ყველაფერი ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არა! „სამტრედიამ“ 85-ე წუთისთვის გაათანაბრა.

გიორგი ერისთავმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა, ხოლო ჯაბა ლიპარტიამ მეკარე გუგეშაშვილის შეცდომით იხეირა და 3:3... გიორგი დარასელია ახლოს იყო „სამტრედიაში“ დებიუტი ყოფილ გუნდთან ქულით აღენიშნა, მაგრამ მსაჯის კომპენსირებულ დროში მისმა გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა. შედეგად, ჯერ გაირა ჯუფიმ, ხოლო შემდეგ კოვტალიუკმა კიდევ ორჯერ დაამწუხრეს იმერლები და 5:3 მოიგეს.

„დილას“ ამ გამარჯვებით 42 ქულა გაუხდა და მეორე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 13 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფება.

„სამტრედია“ – „დილა“ 3:5 (0:1)

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

„სამტრედია“ (4-2-3-1): პოგორილი; ჩაჩუა, გოგიაშვილი, გურული, ჯგერენაია; კერძევაძე (ენდელაძე 54), მამასახლისი; ლიპარტია, ტუღუში, კოშმანი (ერისთავი 72); კუჭუხიძე

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

„დილა“ (4-2-3-1): გუგეშაშვილი; გრიგალაშვილი, ჩადუნელი, სანტოსი, სუხიაშვილი; ლემპტი (რაჟამაშვილი 61), გოგუა (ჯუფი 87); ქავთარაძე (კორიფაძე 74), ნონიკაშვილი, ლეანდრო რიბეირო; კოვტალიუკი

მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (28), 0:2 ლეანდრო რიბეირო (47), 1:2 ტუღუში (60), 1:3 ლეანდრო რიბეირო (72), 2:3 ერისთავი (81, პენ), 3:3 ლიპარტია (85), 3:4 ჯუფი (90+2), 2:5 კოვტალიუკი (90+5)

გაფრთხილება: ენდელაძე (55), ჩაჩუა (88) - ჩადუნელი (90)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

0.123452