საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა! ილიას ზუროსის გუნდმა მეორე შესარჩევი ეტაპი თელ-ავივში დაიწყო, სადაც ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტად დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.
უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა აბსოლუტურად დამსახურებულად გაიმარჯვეს. ქართველი კალათბურთელები სათამაშო დროის 30 წუთი უპირატესობას ფლობდნენ და შესაბამისად, სასურველ შედეგსაც უწიეს. პირველი მეოთხედი დაძაბული გამოდგა, თუმცა საქართველოს ნაკრების ჩინებული თამაში პერიმეტრზე გადამწყვეტი გამოდგა და შედეგად 9-დან 6 ჩაგდებული სამქულიანით ზუროსის ბიჭებმა 26:23 მოიგეს საწყისი 10 წუთი.
კიდევ უფრო გაიზარდა სხვაობა მეორე პერიოდში. საერთოდ, მეორე ათწუთეული საქართველოს ნაკრების საუკეთესო მონაკვეთი გამოდგა შეხვედრაში (ბოლო პერიოდთან ერთად), რადგან მეტოქეს 9 ქულით აჯობა და დიდ შესვენებაზე მეტად კომფორტული უპირატესობით, +12 ქულით გავიდა.
გამოსარჩევი იყო თორნიკე შენგელიას, მატ ჯენინგისა და გოგა ბითაძის კარგი თამაში. თუმცა, კალათბურთში 12 ქულა რომ არაფერს ნიშნავს, ეს დღესაც დამტკიცდა. მეორე ტაიმი ისრაელის ნაკრებმა აგრესიულად და ძალზე შედეგიანად დაიწყო. ქართველები ვერ ახერხებდნენ მეტოქის შეჩერებას და ამასთან, შეტევაში შორეული ტყორცნებიც აღარ მისდიოდათ. შედეგად, 12 ქულა თვალსა და ხელსშუა გაქრა და მასპინძლები წინაც გავიდნენ. ეს დიდწილად, ტამირ ბლატის დიდებული გარჯის შედეგი გახლდათ, რომელმაც სამქულიანებიც ჩააგდო და შედეგიანი გადაცემები გვარიანად დაარიგა.
საინტერესოა, რომ ისრაელმა პირველი ტაიმი 37 ქულით დაასრულა, ხოლო მესამე პერიოდში თითქმის ამდენივე ჩააგდო - 31 ქულა. საქართველოს ნაკრები მესამე პერიოდის ბოლო მონაკვეთში გამოცოცხლდა და ქულების დაგროვება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები სამქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
დადგა გადამწყვეტი მონაკვეთის ჯერი, რომელიც ილიას ზუროსის გუნდმა ბრწყინვალედ ჩაატარა. ეს მეტწილად დაცვის ხაზზე ითქმის. ებრაელი მოთამაშეები ქულებს ადვილად ვეღარ აგროვებდნენ. შედეგად, მხოლოდ 12 ქულა მივიღეთ და საპასუხოდ, 20 ჩავაგდეთ. დასკვნით მეოთხედში ყველა კალათბურთელი გამორჩეული იყო, მაგრამ ცალკე უნდა აღინიშნოს გოგა ბითაძის დიდებული გარჯა. ნიჭიერმა ქართველმა ცენტრმა იმდენად ჩინებული შეხვედრა ჩაატარა, რომ გამოცდილი გიორგი შერმადინი ზუროსს გადამწყვეტ მონაკვეთში საერთოდ არ დაუტვირთავს და აღნიშნული სვლა სრულიად გამართლებული გამოდგა. გოგა დაცვაშიც ფანტასტიკურად ირჯებოდა და შეტევაშიც. სწორედ მეტოქის ფარზე მისმა მოხსნილმა ბურთმა და შემდეგ მოპოვებულმა ჯარიმამ განაპირობა საქართველოს ნაკრების დაწინაურება შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. ბოლოს იყო თონიკე შენგელიას ქულებიც და საბოლოოდ, საქართველომ მეტოქე 85:80 დაამარცხა.
ჩვენი გუნდის ლიდერი თორნიკე შენგელია გამორჩეული იყო და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. „თოკომოტივმა“ 22 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა გაახერხა. გოგა ბითაძესაც ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, არასრულ 24 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება (!) მიითვალა. ნიშანდობლივია, რომ გოგამ 7 მოხსნა შეტევაში დააგროვა!
კარგი დებიუტი ჰქონდა ჩვენი ნაკრების ახალ ლეგიონერ მატ ჯენინგს, რომელმაც 36 წუთში 15 ქულა (10-დან 5 სამქულიანი), 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. დიდებული იყო დუდა სანაძეც, რომელმაც ძალზე საჭირო მომენტებში, საჭირო ქულები დააგროვა - 17 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა. დუდამ 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, რაც რასაკვირველია ფანტასტიკური შედეგია. უქულოდ დაასრულა მატჩი გიორგი ცინცაძემ, თუმცა „ბუმ“ პასები არიგა ბლომად - 7. ჩვენს ნაკრებს ქულები ასევე მოუტანეს გიორგი შერმადინმა (9 ქ), მერაბ ბოქოლიშვილმა (3 ქ) და მიხეილ ბერიშვილმაც (6 ქ).
საქართველოს ნაკრებმა 37-დან 16 სამქულიანი ჩააგდო (43.2%), 31-დან 13 ორქულიანი (41.9%) და 14-დან 11 საჯარიმო (78.6%). შეტევაში ბურთი 17-ჯერ მოხსნა, მაშინ, როდესაც მეტოქემ მხოლოდ 9-ჯერ მოახერხა იგივეს გაკეთება. საქართველოს ნაკრების გამარჯვება იყო დამსახურებული, რადგან აჯობა მეტოქეს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ილიას ზუროსის გუნდს თელ-ავივში თავი არ დაუზოგავს და გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღო. ახლა, კიდევ უფრო დასანანად მოსჩანს წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე დაკარგული ქულები, რომელიც მეტწილად, შესუსტებული შემადგენლობით იყო განპირობებული. თუმცა, რა გაეწყობა. სხვათა შორის, ახლაც არ ყოფილა სრული შემადგენლობა, ბექა ბურჯანაძე და მანუჩარ მარკოიშვილი დიდი ძალაა ჩვენი გუნდისთვის...
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 7 შეხვედრის შემდეგ 3 მოგების წილ 4 წაგება აქვს, სწორედ ისრაელის ნაკრებს გაუტოლდა და პირად შეხვედრებში უპირატესობის გამო მეოთხე ადგილზე თავად აინაცვლა. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო, ძალიან მნიშვნელოვან მატჩს 16 სექტემბერს, თბილისში, ჯგუფის ფავორიტ საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
ისრაელი - საქართველო 80:85 (23:26, 14:23, 31:16, 12:20)