კალათბურთი

14:20 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

თელ ავივში, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ...

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები უკვე ისრაელში იმყოფება და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისრაელთან მატჩისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ მომავალ შეხვედრაში დამარცხებული, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს, ალბათ, საბოლოოდ დაემშვიდობება, ამდენად, სასწორზე ბევრი რამ დევს. ამ საკითხზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამაც ისაუბრა, რომელმაც ამასთან ერთად, ქართველ ქომაგს, 16 სექტემბერს, საბერძნეთთან მატჩზე მისვლისკენაც მოუწოდა.
ვლადიმერ ბოისა: “ხვალ ძალიან მძიმე მატჩი გველის, რადგანაც ვიცით, რომ ვინც წააგებს, მსოფლიო ჩემპიონატზე გავლის უმცირესი შანსი შერჩება. ისრაელის ნაკრები დიდი ხანია შეკრებილია და ამხანაგური მატჩებიც ჩაატარა, ჩვენი კი ეს ვერ მოვახერხეთ, რადგანაც კალათბურთელები გუნდებმა გვიან გამოუშვეს. თუმცა, ისრაელში ერთხელ უკვე მოგებული გვაქვს, თანაც უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ევრობასკეტზე და იმედია, ახლაც ყველაფერი კარგად იქნება.

მინდა კვირის თამაშსაც შევეხო, როდესაც თბილისში საბერძნეთს დავუპირისპირდებით, ჩემი აზრით, ასეთ სახელოვან გუნდს დიდი ხანია არ გავჯიბრებივართ. საბერძნეთი იმავე სერბეთსა და გერმანიაზე ძლიერია. ამდენად, ვისაც კალათბურთი უყვარს, მატჩზე აუცილებლად უნდა მოვიდეს. ვარსკვლავები ჩამოდიან და ეს, ჩვენთვის დამატებითი ენერგიის მომცემი უნდა იყოს, რათა შეხვედრა მოვიგოთ. ვთვლი, რომ თუკი ისრაელში მოვიგეთ, ბერძნებთან მატჩზე ბილეთების შოვნა ძალიან რთული იქნება.
თელ ავივში ჩასვლის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან მცირე კომენტარი გააკეთა ეროვნული ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმაც: “სასიამოვნო ფაქტია, რომ პირდაპირი რეისით ჩამოვედით, თბილისი-თელ ავივი. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან არ დავღლილვართ, უკვე სასტუმროში ვართ, საღამოს კი პირველი ვარჯიში გვაქვს. იმედია, დავხვეწთ იმ კომბინაციებს, რაც ხვალინდელი თამაშზე უნდა გამოვიყენოთ”.
შეგახსენებთ, რომ ისრაელისა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება, ხვალ, 13 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათიდან “ნოკია არენაზე” გახლავთ დაგეგმილი.

0.121147