სხვა

13:05 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მძიმე დღე და მნიშვნელოვანი გამარჯვება (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა სექტემბრის სუპერტურნირზე ურთულესი დღე გადაიტანა. დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ქართველმა ძალები აღმოსავლეთის კომუსუბი ტამავაშისთან მოსინჯა და ის მხოლოდ 2 შერკინების თავზე დაჯაბნა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ორთაბრძოლამდე, ჩვენებურს მონღოლ სეკიტორთან საგრძნობი უპირატესობა (15 მოგება, 8 მარცხი) ჰქონდა, ამჯერად კი, ძალიან გაუჭირდა. საწყისი შერკინებისას ტოჩინოშინი დოჰიოს კიდესთან მოხვდა და საბოლოოდ, მეტოქესთან ერთად მის მიღმა აღმოჩნდა.

თავდაპირველად, გიოჯიმ (მსაჯი) გამარჯვება მაინც ლევანს მიანიჭა, თუმცა, მონოიმ (მსაჯთა კომისია) დაადგინა, რომ ქართველმა სუმოისტმა ფეხი ტავარას მიღმა სწორედ მაშინ გადადგა, როდესაც ტამავაშიმ დოჰიოს ხელი შეახო. განმეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ყველაფერი სწორედ ასე გახლდათ.

განმეორებითი ორთაბრძოლა (ტორინაოში) ასევე დაძაბული გამოდგა. პირველი მიძალება მონღოლმა სეკიტორმა განახორციელა და ტოჩინოშინი ტავარასთან მიიყვანა, თუმცა, ლევანმა საჭირო ჟამს მობილიზება შესძლო, გვერდზე გაიწია, მეტოქეს დაბლა დაჰქაჩა და ცუკიოტოშით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი აკი ბაშოს კადობანში მყოფი შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის მინიმალური დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) მაინც სჭირდება. გორგაძემ გუშინ კომუსუბი ტაკაკეიშოსთან წაიფორხილა, ამდენად, კიდევ 1 წარუმატებლობა ჩვენებურისთვის ძალიან მძიმე იქნებოდა.

ახლა, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 3 მოგება და 1 მარცხია და ის თავს უფრო მშვიდად უნდა გრძნობდეს, მთავარი კი ისაა, რომ დიდი დატვირთების ფონზე, თავი ძველმა ტრავმებმა არ იჩინოს. სხვათა შორის, ტამავაშისთან დღევანდელ პაექრობაში, ლევანმა წარბი გაიხეთქა და სისხლიც ბლომად დაღვარა, თუმცა, ცხადია, რომ ეს, მისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად ვერ იქცევა.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის სეკივაკე მიტაკეუმი იქნება და ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებურს იოლი გასეირნება ელის. როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის იაპონელი ივლისის ბაშოს ჩემპიონი გახლავთ და მიმდინარე ტურნირზეც ოთხივე ორთაბრძოლა მოგებული აქვს, ამდენად, კარგ ფორმაში უნდა იმყოფებოდეს. სხვა საქმეა, რომ ლევანი მას ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს უგებს.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მიტაკეუმის გარდა, აკი ბაშოზე მაქსიმალური შედეგი კიდევ 7 სუმოისტს აქვს, რომელთა შორის იოკოძუნები კისენოსატო, კაკურიუ და ჰაკუჰო და ოძეკი ტაკაიასუც იმყოფებიან.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ცუდად მისდის საქმეები გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველმა ფალავანმა ერთადერთი მოგების ფონზე მე-3 მარცხი განიცადა და თუკი ასე გააგრძელა, თავს მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში ამოჰყოფს.

დღეს, აღმოსავლეთის მე-12 განთესვის მქონე გაგამარუ დასავლეთის მე-13 ნომერ ენჰოს გაეჯიბრა და ჰატაკიკომით დამარცხდა, ხვალ კი, ძალებს აღმოსავლეთის მე-13 რეიტინგოსან აძუმარიუსთან მოსინჯავს, რომელთან ურთიერთშეხვედრებში 4:6-ს აგებს.

0.133151