ახლოვდება ზაფხულის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელიც 6-18 ოქტომბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გაიმართება. 12 დღის განმავლობაში მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს. მათ შორის იქნება საქართველოს 15 წარმომადგენელი, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზიები სპორტის 10 სახეობაში მოიპოვეს.
საქართველოს ოლიმპიური გუნდის არგენტინაში გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაგეგმილია 2 ოქტომბერს, მანამდე კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები შეხვდებიან ჩვენი ოლიმპიელების მწვრთნელებს, რომლებიც ჩართულნი არიან დელეგაციის შემადგენლობაში. პირველი ასეთი შეხვედრა დღეს გაიმართა. სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და სპორტულმა დირექტორმა გიორგი ესაკიამ უმასპინძლეს ბელა კობალაძეს (მხატვრული ტანვარჯიში) და კახა გოცირიძეს (თანამედროვე ხუთჭიდი).
შეხვედრაზე ისაუბრეს საოლიმპიადო სამზადისზე, ცალკეულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე, შეჯიბრების დებულებაზე.
"ჩვენ, ყველას ერთად, გვაკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ეს ეხება დელეგაციის თითოეულ წევრს, - აღნიშნა ელგუჯა ბერიშვილმა, - ამიტომაც, აქედანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი, რომ გავითვალისწინოთ ყველა საკითხი, რაც შეეხება გუნდის ეკიპირებას, გამგზავრებას, სპორტსმენთა განთავსებას, ცერემონიალებში და უშუალოდ შეჯიბრებაში მონაწილეობას, წესრიგს და დისციპლინას. სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ ოლიმპიურ კომიტეტში, რათა განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები, ახლავე მოვაგვაროთ პრობლემები. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მაქსიმალურად კარგად გამოვიდეთ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივრები".
www.geonoc.org.ge