სხვა

14:16 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძე: “გოგონებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბანალური მიზეზით დავკარგეთ”

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები სამხრეთ კორეიდან დაბრუნდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურნირზე ახალგაზრდებში ფინალურ ოქტეტში ორი ქართველი შევიდა, საბოლოოდ კი, ლიზი კილაძე მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა, ხოლო ნინო ხუციბერიძე მეშვიდეზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების ლიდერი ნინო სალუქვაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი გამოსვლით უკმაყოფილოა, რადგან მედლისა და ლიცენზიის გარეშე დარჩა, თუმცა ახალგაზრდების გამოსვლით გახარებული დარჩა. მისივე აზრით, გოგონებმა გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონობა ბანალური მიზეზით დაკარგეს – არ გვყავდა მესამე მონაწილე, საერთო ჩათვლაში ქულები რომ მოეცა და გუნდად დავფიქსირებულიყავით. სალუქვაძის კომენტარი საქართველის სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ნინო სალუქვაძე: “ცხადია, ჩემი გამოსვლით უკმაყოფილო ვარ, რადგან კარგად ვიყავი მომზადებული, მაგრამ, ეტყობა, ფსიქოლოგიურმა დაძაბულობამ შემიშალა ხელი.

მთლიანად გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ, რადგან მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მოვიპოვეთ ერთი მედალი. ძალიან კარგად გამოვიდა ლიზი კილაძე და გაგვახარა თავისი მედლით. სამწუხაროა, რომ ნინო ხუციბერიძე, ვინც ფინალში მესამე შედეგით შევიდა, ფინალის სპეციფიკიდან და უსამართლობიდან გამომდინარე, უმედლოდ დარჩა. თუმცა არა უშავს – მას ყველაფერი წინ აქვს. გოგონებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი შესაძლებლობები.
სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბუენოს აირესის თამაშებისთვის შესარჩევი შეჯიბრება იყო, ფინალში მხოლოდ საქართველოს ჰყავდა ორი წარმომადგენელი, ახლა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი – მხოლოდ ჩვენ და სამხრეთ კორეას.

სამწუხაროდ, არ გვაყვს მესამე გოგო, რის გამოც დავკარგეთ გუნდურში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. არ ვამბობ, მესამეც ამ დონის სპორტსმენი უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ საშუალო დონის მსროლელიც რომ გვყოლოდა და გუნდურ ჩათვლაში ქულები მოეცა, წარმატებას მოვიპოვებდით.

აკაკი მოსულიშვილს მთელი სეზონი არ უჩვენებია ის შედეგი, რაც კორეაში გააკეთა. შერეულ წყვილებში მე და ცოტნე მაჭავარიანი 66 გუნდს შორის მე-15 ადგილზე გავედით. კი, უმედლოდ დავრჩით, მაგრამ არც ესაა ცუდი შედეგი. სამომავლო პერსპექტივაში გამოჩნდა, რომ ბრძოლა შეიძლება.

მაჭავარიანმა 50-მეტრიან დისტანციაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღეს, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე დარჩა, პირადი რეკორდი დაამყარა და მერვე ადგილზე გავიდა. რადგან ეს არაოლიმპიური დისციპლინაა, ფინალი არ ტარდება, თორემ რომ ყოფილიყო, შევიდოდა.

ლევან ქადაგიძემ 572 ქულა დააგროვა – მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, აჩვენა ის, რისთვისაც მზად იყო.
ამ ტურნირზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გოგონებშიც და ბიჭებშიც პერსპექტივა დიდია, მოდიან ნიჭიერი ახალგაზრდები და ცოტა მეტი ხელშეწყობით კიდევ უფრო წინ წავლენ. ჩვენ ამ ტურნირისთვის ნოემბერ-დეკემბერში თელავში ჩატარებული შეკრებებიდან მოყოლებული, ვემზადებოდით, მაშინ ეს ბავშვები წაყვანილი გვყავდა შეკრებაზე და სწორედ იმან წაგვწია წინ – ვავარჯიშებდით ისე, რომ იტყვიან, კბილებიდან ოფლი გამოსდიოდათ.

ლიცენზიების მოპოვების შანსები ნამდვილად გვაქვს. გაისად მთელი სეზონი სალიცენზიოა, რადგან ჩატარდება მსოფლიოს თასის ოთხი ეტაპი, ევროპის ჩემპიონატი ორ დისციპლინაში და ევროპული თამაშები. თუმცა, შეიძლება, მსოფლიოს თასის ოთხივე ეტაპზე ვერ გამოვიდეთ, რადგან სხვადასხვა კონტინენტებზე ტარდება, ერთმანეთისგან ძალიან შორს.

თუ შევატყობთ, რომ გუნდი მზადაა კარგი შედეგების საჩვენებლად, მაშინ იქნებ კიდე გავრისკოთ, თორემ ისე, მაგალითად, ინდოეთი და ბრაზილია ძალიან შორსაა ერთმანეთისგან და, იქნებ, ყველგან ვერ გამოვიდეთ.
ლიცენზიების მოპოვების შანსი ნამდვილად გვაქვს, თუმცა საგზურს მხოლოდ პირველ-მეორე ადგილებზე გასულები მიიღებენ. ოღონდ მათ შორის თუ უკვე ლიცენზირებული მსროლელი მოხვდება, მაშინ ადგილმონაცვლეობის პრინციპით, საგზური მის მომდევნოს გადაეცემა”.

კომენტარი გააკეთა ლიზი კილაძემაც, რომელმაც საქართველოს მსოფლიო პირველობაზე ერთადერთი მედალი მოუტანა.

ლიზი კილაძე: “მსოფლიოს ჩემპოიონატი ძლიერი ტურნირია. მთელი მსოფლიოდან ძლიერი კონკურენტები იყვნენ, ბევრი მათგანი კი უკვე ტიტულოვანი სპორტსმენია.

ვცდილობდი, ჩემი შედეგი მეჩვენებინა და საკუთარ თავში დავრწმუნებულიყავი. ამ მედლისთვის დიდი ხანია ვვარჯიშობდი და ამიტომ ძალიან გახარებული ვარ. ვეცდები, სამომავლოდ უკეთესი შედეგი დავაფიქსირო.
ცხადია, საკვალიფიკაციო ეტაპზეც შემეძლო უკეთესი შედეგის ჩვენება. თავიდან არც ისე სახარბიელოდ დავიწყე გამოსვლა. არ ვიცი, ალბათ, ეს ნერვიულობის გამო მოხდა, რადგან უფრო მეტი მინდოდა. მანამდე ვარჯიშებზე კარგი შედეგები მქონდა და შესაბამისად, მინდოდა, შეჯიბრებაზე კიდევ უფრო უკეთესად გამოვსულიყავი.

ამიტომ, თავიდან ძალიან მოვინდომე, მაგრამ როცა მივხვდი, რომ შეცდომას ვუშვებდი და ფინალში ვერ გავდიოდი, ბოლო ორი სერია სხვა განწყობით ჩავატარე: ფარ-ხმალი კი არ დამიყრია, პირიქით, ვეცადე, რომ ძალები მომეკრიბა და ვეცადე, ნორმალური შედეგი მეჩვენებინა. ფსიქოლოგიურად უფრო თავისუფლად ვისროდი, თუმცა მანამდე ნაჩვენები ქულებიდან გამომდინარე, ფინალში მოხვედრას მაინც არ ველოდი.

ფინალში როცა შევედი, ნერვიულობის თავიც არ მქონდა, საკვალიფიკაციოში იმდენი ვინერვიულე. თუმცა ნინო სალუქვაძემ იმდენი რჩევა მომცა, ისე დამარიგა, რომ არ მენერვიულა, რაც ძალიან გამომადგა.

როდესაც ფინალში ოთხნი დავრჩით, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი ნერვიულობა გამახსენდა, როცა ასევე ოთხნი დავრჩით, მაგრამ მე გამოვვარდი და მეოთხე ადგილზე დავრჩი. ვფიქრობდი, ღმერთო, ოღონდ ახლა არ გამოვვარდე-მეთქი და როცა ფრანგი მსროლელი გავარდა, ვერ აღგიწერთ, რა დღეში ჩავვარდი. ეს ხომ ჩემი შრომის დაფასება იყო და თანაც, პირველი მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამიტომ ძალიან გახარებული ვიყავი. ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი და სიხარულს გავუზიარებდი ჩვენებს.

ბუნებრივია, უფრო მეტიც შემეძლო, რადგან გამოცდების გამო ამ ჩემპიონატისთვის ხეირიანად ვერ მოვემზადე, 2-3 თვე არ მქონდა ნავარჯიშები – არც შეკრებაზე ვყოფილვარ და არც ტურნირზე სერბეთში. გამოცდების გამო, თავი გადავდე. ცხადია, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია შრომის დაფასება, რათა მეტი სტიმული გქონდეს და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწიო. ისევ გავაგრძელებ ვარჯიშს, ამჯერად – უკვე თბილისში, რადგან აქ ჩავაბარე და სასწავლებლად დედაქალაქში გადმოვდივარ. იმედია, მსოფლიოზე დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებ და ევროპის ჩემპიონატისთვის კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში ვიქნები”.

დასასრულ, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ნინო ხუციბერიძის ნააზრევიც, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში მესამე შედეგით შევიდა, თუმცა საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.
ამის მიუხედავად, მსოფლიოს პირველობაზე მისი გამოსვლა მაინც წარმატებულია, რადგან ქულათა მარაგიც მაღალი ჰქონდა და თან ფინალში გასვლა უკვე თავისთავადაა მიღწევა.

ეს წარმატებაა ქართული ფედერაციისთვისაც, რადგან ფინალში ორ-ორი მონაწილე მხოლოდ საქართველოს და მასპინძელ სამხრეთ კორეას ჰყავდათ (როგორც აღინიშნა, ევროპის ჩემპიონატზეც ორი მონაწილე გვყავდა ფინალში - იქ მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ასეთი შედეგი).

ნინო ხუციბერიძე: “საკვალიფიკაციო ეტაპზე ძალიან კარგად ვიმუშავე, ფინალში კი გული დამწყდა, ბოლომდე რომ ვერ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები. თუმცა ამანაც ბევრი რამე მასწავლა, ბევრ შეცდომას მივხვდი, რასაც მომავალში გამოვასწორებ. ახლა უკვე ვიცი, რაზე უნდა ვიმუშაო და რა უნდა გამოვასწორო. თან ჩემი თავის რწმენაც მომეცა”.

0.116637