XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საჭადრაკო ჯილდო „ნონას თასი“ 7-8 სექტემბერს გურიასა და სამეგრელოში გამოიფინა.
„ნონას თასი“, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ 1997 წელს დააარსა და საჭადრაკო ოლიმპიადების საუკეთესო გუნდს გადაეცემა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ბათუმის ოლიმპიადის ფარგლებში მოგზაურობს. ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ნანა იოსელიანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე, ფედერაციის წარმომადგენლები - ამ შემადგენლობით ესტუმრნენ ქართული ჭადრაკის მესვეურები გურიასა და სამეგრელოს.
გურიაში „ნონას თასი“ ოზურგეთში, ჭადრების პარკში გამოიფინა. ჭადრაკის მოყვარულებს და უამრავ ოზურგეთელს სიტყვით მიმართეს ნონა გაფრინდაშვილმა, გიორგი გიორგაძემ და ნანა იოსელიანმა, ასევე გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ზურაბ ნასარიამ.
ოზურგეთელებმა სტუმრებს ვეტერანი მოჭადრაკე, 91 წლის ოლია შათირიშვილიც დაახვედრეს, რომელმაც ნონა გაფრინდაშვილს 55 წლის წინანდელი ამბები და პირადი საჭადრაკო დაპირისპირებები შეახსენა.
ზურაბ ნასარიამ ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და გიორგი გიორგაძე სამახსოვრო პრიზებით დაასაჩუქრა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კი, თავის მხრივ, სიმბოლური პრიზი გადასცა გუბერნატორს და ოლია შათირიშვილს.
სამეგრელოში „ნონა თასი“ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გამოიფინა. სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ნონა გაფრინდაშვილმა და ნანა იოსელიანმა, ოზურგეთის დარად, ზუგდიდშიც გამართეს ერთდროული თამაშის სეანსი, გამორჩეულ პატარა მოჭადრაკეებს კი სამახსოვრო პრიზები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საჩუქრები გადასცეს.
ტრადიციისამებრ, ორივე ქალაქში მოეწყო სახალისო საჭადრაკო კონკურსი, რომლის გამარჯვებულებს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სიმბოლიკით დამშვენებული მაისურები, ბლოკნოტები, მახსოვრობის ბარათები და ჩანთები გადაეცათ.
„მას შემდეგ, რაც ბათუმი ოლიმპიადის მასპინძლად დასახელდა, საორგანიზაციო კომიტეტი ყველანაირად ცდილობს ამ ტურნირის პოპულარიზაციას და „ნონას თასის“ მოგზაურობაც სწორედ ამას ემსახურება. ძალიან მიხარია, რომ ყველა ქალაქში, სადაც კი ეს ჯილდო ჩავიტანეთ, უდიდესი სიხარული და ჭადრაკის სიყვარული დავინახე. ცხადია, არც გურიის და სამეგრელოს რეგიონებია გამონაკლისი. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ამ ორ, ძირძველ კუთხეში ძველებურად უყვართ ეს ულამაზესი თამაში. ქალბატონმა ნონამ და ქალბატონმა ნანამ პატარებთან რამდენიმე საინტერესო პარტია გაითამაშეს და ვფიქრობ, ამ ბავშვებს შორისაც არიან ის მოთამაშეები, რომლებიც ახლო მომავალში საქართველოს ნაკრებ გუნდებს დააკომპლექტებენ. მადლობას ვუხდი ადგილობრივ ხელისუფლებას ჩინებული მასპინძლობისთვის. სხვანაირ დახვედრას არც ველოდით“, - განაცხადა გიორგი გიორგაძემ.
„ბათუმის ოლიმპიადის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, მაგრამ მშვიდად ვარ: ვხედავ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მჯერა, ეს ოლიმპიადა საუკეთესო იქნება ისტორიაში. გურიასთან და სამეგრელოსთან უამრავი თბილი მოგონება მაკავშირებს და სწორედ ამიტომ ვესტუმრე ოზურგეთსა და ზუგდიდს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა არ ვარ, ვთვლი, რომ ამ თასის მოგზაურობა საქვეყნო საქმეა და სწორედ ამიტომ ვარ აქ“, - განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
„ნონას თასი“ უკვე გამოიფინა თბილისში, თელავში, რუსთავში, ქუთაისში, ამბროლაურში, გორში, სტეფანწმინდაში და ყვარელში, ასევე რამდენიმე სოფელსა და დაბაში.
„ნონას თასის“ მორიგი მფლობელი ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდება და ის იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის ქალთა და ვაჟთა გუნდები საერთო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ.
2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი