ჭადრაკი

14:49 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი ერთპიროვნული ლიდერია!

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი (2313) თურქულ გებზეში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
მე-9 ნომრად განთესილი ხომერიკი მე-5 ტურში მის მსგავსად უდანაკარგოდ მიმავალ პოლონელ ალისია სლივიცკას (2272) გაეჯიბრა და შავი ფიგურებით იმარჯვა.

ამგვარად, ნინომ თავი 5.0 ქულას მოუყარა და მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ რუს ალეკსანდრა მალტევსკაიასა (2234) და ფიდე-ს სახელით მოთამაშე გაბრიელა ანტოვას (2292) ნახევარ-ნახევარი ქულით უსწრებს.
9 ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით სწორედ ხსენებულ ანტოვას ეთამაშება.
ვაჟთა ტურნირში ნოე თუთისანმა (2471) შავი ფიგურებით უკრაინელ პლატონ გალპერინს (2348) სძლია და 38-ე პოზიციაზე აინაცვლა, ხოლო გიორგი სიბაშვილი (2425), ვინც შავებითვე თურქ კაირა კამერთან (2205) დამარცხდა, 2.5 ქულით 72-ეა.
მომდევნო ტურში თუთისანი თეთრი ფიგურებით ამერიკელ ეივონდერ ლიანგს (2575) გაეჯიბრება, სიბაშვილი კი შავებით ჩეხ მარტინ ჰოლანს (2336) ეთამაშება.

0.11979