ჭიდაობა

13:43 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

2 ოქრო და ვერცხლი პოლონეთიდან

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ციოლკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ავთანდილ კენჭაძემა (74 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ.) კი ვერცხლი დაისაკუთრა.
კენჭაძემ ფინალში აშკარა უპირატესობით 12:1 გაანადგურა ჩინელი ვეი ვუ, ხოლო ოდიკაძემ ყაზახი მამედ იბრაგიმოვი ასევე იოლად 12:0 დაამარცხა. ბაბუის გარდაცვალების გამო, ფინალში საჭიდაოდ არ გასულა ოლიმპიური ჩემპიონი ხინჩეგაშვილი.
დღეს, ქართულ დელეგაციის მონაგარი კიდევ უფრო გამდიდრდება, რადგანაც მსოფლიოს ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.) და მსოფლიო პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ.) ფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ, ევროპის 2-გზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

იაკობიშვილმა ჩინელი აირიკენ აილიქსიათი 11:1 დაამარცხა, შემდეგ ყაზახეთის ნაკრების წევრებს დაურენ ჟუმაგაევსა (7:1) და მეირჟან აშიროვს (4:1) მოუგო, ფინალში კი ყახაზეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ ამანდიკ ბაკეიევს დაეჭიდება.
ხუციშვილმა ფრანგი იონი ბური 6:0 და ბულგარელი რაშიდ ისმაილი 11:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი წმინდად გაუსწორდა ყაზახ საკენ აიტჟანოვს. ფინალში საგარეჯოელი ფალავანის მეტოქე რუსეთის წარმომადგენელი მაგომედ რამაზანოვი იქნება.
მარსაგიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ იერალი აბდრაშევს გაეჯიბრება.
ვთქვათ ისიც, რომ პირველი ფინალური საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში 76 ქულით ლიდერობს, მეორეზე ყააზხეთია 60 ქულით, მესამეზე კი პოლონეთი (59).

0.149228