ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირი გამარჯვებით გახსნა.
დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ჩიოტაირიუს ცურიდაშით სძლია და ტოკიოელ სეკიტორთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 5 მოგება, 2 მარცხი. ჩვენებურმა ბაშოს სასტარტო დღეს (შო-ნიტი) მოწინააღმდეგე დოჰიოს მოსწყვიტა და ტავარას მიღმა “გადადგა”.
ხვალ, აკი ბაშოზე ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელიც ჩვენებურს ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.
სამწუხაროდ, ტოკიოში წარუმატებელი სტარტი აიღო გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
აღმოსავლეთის მე-12 ნომრის სტატუსით მოასპარეზე ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-12 ნომერ ჰაკუოძანთან იორიკირით წააგო, 10 სექტემბერს კი კარიერაში პირველად აკუას (მე-14 ნომერი) გაეჯიბრება.
ვთქვათ ისიც, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში პირველი ორთაბრძოლები მოიგეს იოკოძუნებმა კაკურიუმ, ჰაკუჰომა და კისენოსატომ, იმარჯვა ოძეკი ტაკაიასუმაც, კიდევ ერთი ოძეკი გოეიდო კი პირველ მაეგაშირა კაისეისთან დამარცხდა.