ჩოგბურთი

11:31 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

US Open 2018: ოსაკას ტრიუმფი და განრისხებული უილიამსი

ამერიკის ღია ჩემპიონატის ქალებს შორის ნაომი ოსაკამ მოიგო. იაპონელმა ჩოგბურთელმა დრამატულ ფინალში სერენა უილიამსი 6:2, 6:4 დაამარცხა და გახდა პირველი იაპონელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

თუმცა, ოსაკას გამარჯვებამ უფრო ნაკლები ყურადღება მიიქცია, ვიდრე მანამდე განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ამერიკელი გააღიზიანა და მსაჯს დრამატული ეპიზოდის "ქურდი" უწოდა. პორტუგალიელმა მსაჯმა რიგი წესების დარღვევის შემდეგ ამერიკელი გეიმით დასაჯა და ამის შემდეგ მოიგო ოსაკამ.

რა მოხდა?

პირველად სერენა პორტუგალიელმა მსაჯმა კარლოს რამოსმა მას შემდეგ გააფრთხილა, რაც უილიამსის მწვრთნელის პატრიკ მურატოღლუს მითითებები სპორტსმენის მიმართ შენიშნა. უილიამსმა კი აღნიშნული გააპროტესტა და მსაჯს განუცხადა, რომ არანაირი ტაქტიკური მითითება არ მიუღია მწვრთნელისგან და აღნიშნულის გაკეთებას, წაგება ურჩევნია.

ფრანგმა მწვრთნელმა ESPN-ს განუცხადა, რომ მითითებებს ყოველთვის იძლევა, თუმცა ამას აკეთებდა ოსაკას მწვრთნელიც: "ყოველთვის ვიძლევი მითითებებს, მაგრამ არ ვფიქრობ იმაზე, რომ სერენა მიყურებს. ოსაკას მწვრთნელიც იგივეს აკეთებდა და ყველა ასე აკეთებს."

უილიამსმა შემდეგი გაფრთხილება მეორე სეტში მიიღო, როდესაც 3:2-ზე სერენა დაბრეიკდა და ჩოგანი კორტს დაარტყა. ამის გამო ამერიკელი ქულით დაჯარიმდა, რაც ნიშნავდა, რომ შემდეგ გეიმს 0:15-ზე დაიწყებდა სერენა. უილიამსი განრისხდა, მსაჯთან მივიდა და უყვირა და გულშემატკივრების ოვაციებიც დაიმსახურა.

არტურ ეშის სახელობის სტადიონზე კი მოვლენები კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც ოსაკა 4:3 იგებდა და უილიამსმა კვლავ დაიწყო მსაჯის გაკრიტიკება: "მატყუარა ხარ. სანამ ცოცხალი ვარ კორტზე ჩემთან ერთად ვერ გამოხვალ. როდის აპირებ ბოდიშის მოხდას? თქვი რომ წუხარ." - უთხრა მსაჯს სერენამ.

აღნიშნულის გამო რამოსმა გეიმით დააჯარიმა უილიამსი და ანგარიში 5:3 გახდა ოსაკას სასარგებლოდ. იაპონელმა კი საკუთარ მოწოდებაზე, რა თქმა უნდა კარგად ითამაშა, ამას დაემატა განრისხებული სერენას ფაქტორიც და აზიელმა იოლად მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯი დაცვამ გააცილა და დაჯილდოების ცერემონიალს არ დაესწრო, მიზეზი გულშემატკივრების მხრიდან აგრესია იყო. ცერემონიალზე კი გულშემატკივრები უილიამსმა დააწყნარა და სთხოვა ოსაკას მიღწევისთვის პატივი ეცათ. იაპონელმა განაცხადა, რომ ასეთი ფინალის დასასრული არ უნდოდა, თუმცა ოცნებობდა ამერიკის ღია ჩემპიონატის ფინალში სერენასთან ეთამაშა.

სერენა მესამედ მოხვდა ასეთ სიატუაციაში. რამოსს უილიამსმა ქულით დაჯარიმების შემდეგ უთხრა, რომ აქამდეც ყოფილა ასეთ სიტუაციაში და ეს უსამართლოა. პირველად უილიამსი ქულით 2009 წელს ამავე ტურნირზე კიმ კლაისტერსთან მატჩის დროს დაჯარიმდა. მაშინ ხაზის მსაჯზე გაბრაზდა ამერიკელი და საბოლოოდ ბელგიელმა ის შეხვედრა მოიგო, უილიამსმა კი ბოდიში მოიხადა.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ორწლიანი გამოსაცდელი ვადა ჰქონდა სერენას და 2011 წელს სემ სტოსურთან წაგებულ ფინალში მსაჯი ევა ასდერაკი გააკრიტიკა და 2000 დოლარით დაჯარიმდა.

ამრიგად, სერენა უმიზნებდა 24-ე დიდი სლემის ტურნირის მოგებით მარგარეტ კორტის რეკორდი გაემეორებინა, თუმცა ამის გაკეთებას უილიამსი ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე შეეცდება.

0.28383