“ყაზახეთთან გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა ლატვიაც უნდა დავამრცხოთ, რომ მოპოვებულ სამ ქულას ხაზი არ გადავუსვათ”, - ეს ვლადიმირ ვაისის სიტყვებია, რომელიც სლოვაკმა დღევანდელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე წარმოთქვა.
ძნელია ვაისს ვინმე ამ სიტყვების სისწორეში შეედაოს და ეს მართლაც ასეა. დღეს, ლატვიის ნაკრებთან დაკარგული თუნდაც ორი ქულა, დიდწილად ასტანაში გამარჯვებას გააბათილებს. მოკლედ, ეს არ უნდა მოხდეს. და, თუ საქართველომ მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.
დღეს, ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა, ხოლო ამ ახალბედა ტურნირს თბილისი პირველად უმასპინძლებს. გამარჯვება გვჭირდება, საქართველო ფავორიტია, საქართველომ მოგებით დაიწყო და მოგებით უნდა გააგრძელოს. ფეხბურთელებიც, მწვრთნელიც, აღნიშნავენ, რომ გუნდში ეიფორია არაა და ლატვიასთან მატჩს სრული სერიოზულობით უდგებიან. ასეც უნდა იყოს, რადგან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, როდესაც მეტოქის დაუფასებლობამ უარყოფით და კატასტროფულ შედეგამდეც კი მიგვიყვანა. ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ლატვიის ნაკრებმა სამი დღის წინ, რიგაში, მაჩანჩალა ანდორის ნაკრებს ვერ მოუგო. არამც და არამც, არ გვინდა იმის გაფიქრება, რომ ეს ბიჭებზე ცუდად იმოქმედებს. პირიქით, ახლა კიდევ უფრო მეტი მოტივაციით და ენერგიით უნდა ვეკვეთოთ მეტოქეს.
თანაც, ლატვიის ნაკრებზე და მის მთავარ მწვრთნელზე საქართველოს რევანში ნამდვილად ასაღები აქვს. რატომ? – აი, 2013 წელს, თბილისში, მიქსუ პაატილაინენის გაწვრთნილმა ფინეთმა 1:0 მოიგო, ხოლო ლატვია საქართველოს ოფიციალურ შეხვედრაში არასდროს დაუმარცხებია. გვინდა და ასეც უნდა იყოს: უსიამოვნო სერიას წერტილი დღეს უნდა დაესვას!
ვაისის არჩევანი
ამბობენ, მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიანო, მაგრამ სლოვაკი სპეციალისტისგან ცვლილებებს მაინც ველოდებით.
მეკარე – გიორგი ლორიამ ასტანაში ერთი უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ შემდეგ დამაჯერებელი იყო. სხვათა შორის, ეს ვაისმა გუშინდელ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა და ამ კუთხით, კითხვები არ არსებობს. კარის დაცვა ისევ 31 წლის კიპერს დაევალება.
დაცვა – არც დაცვაში ველოდებით გადაადგილებებსა და სიურპირზებს. ნაცადი ოთხეული: კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი – სწორეს ისინი იმოქმედებენ უკანა ხაზში ისევე როგორც ყაზახეთთან და საერთოდ, უმეტესწილად.
ნახევარდაცვა – ჯაბა კანკავას ისევ ნიკა კვეკვესკირი შეუწყვილდება. ამ უკანასკნელს ასტანაში კარგი მატჩი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კონკურენტი ჰყავს ვაკო გვილიას სახით, ალბათ ვაისი ისევ “ტობოლის” დუეტს დაეყრდნობა
შემტევი სამეული – გიორგი მერებაშვილი ყაზახეთთან მატჩის შემდეგ ბევრი გააკრიტიკეს, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი სათამაშოდ მზადაა. ოქრიაშვილი დიდი ხნის უთამაშებელია, მაგრამ ასტანაში მას 15 წუთი (ხელოვნურ საფაზე) დაეთმო. საინტერესოა, რომ ვაისმა ჯერ კიდევ ყაზახეთთან მატჩამდე განაცხადა, რომ ოქრიაშვილის ეიმედება და განსაკუთრებით, მეორე შეხვედრაში. ანუ, დღეს, ლატვიასთან. შესაბამისად, “ოქრის” სასტარტო გასარკვირი არ იქნება. მასთან ერთად, პირველივე წუთიდან გავლენ მინდორზე გიორგი ჩაკვეტაძე და ვაკო ყაზაიშვილი.
ფორვარდი – ლევან მჭედლიძე ასტანაში განაცხადშიც არ იყო. ამის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა, უბრალოდ ხელოვნური საფარიდან გამომდინარე რისკზე არ წავიდნენ. დღეს კი, ლევანის სასტარტოში გამოჩენა სიურპრიზი ნამდვილად არ იქნება.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე; მჭედლიძე.
წარსული მეტოქესთან
ლატვიის ნაკრებთან, რომ ოფიციალური თამაში “ჯვაროსნებს” მოგებული არ აქვთ, ეს ზემოთაც ვახსენეთ. ევრო 2000-სა და ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლში ბალტიისპირელები ჩვენი მეტოქეები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერვე საქართველო ფავორიტად განიხილებოდა, მათი დამარცხება არ და ვერ მოხეხრდა.
1998 წლის 10 ოქტომბერს, მასპინძლებმა ლიეპაიში, 1:0 მოიგეს, ხოლო 1999 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, შოთა არველაძისა და ყაველაშვილის გოლები საკმარისი არ გამოდგა – 2:2.
2010 წლის 12 ოქტომბერს, რიგაში, საქართველო ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. დავით სირაძის გოლით ბოლო წუთამდე იგებდა, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნა და თემურ ქეცბაიას გუნდმა ლატვიიდან ოდენ ქულა წამოიღო. აი, 2011 წლის 2 სექტემბერს კი, თბილისში, საერთოდ დამარცხდა (0:1). მოკლედ, 4 ოფიციალური მატჩი, 2 ფრე, 2 წაგება. ეს ცუდი შედეგია და ნავსი გასატეხია.
თუმცა, საქართველოს ნაკრებს ბევრად კარგი სტატისტიკა აქვს ამხანაგურ მატჩებში: 4 თამაში, 3 მოგება, 1 წაგება. ეს ერთადერთი მარცხი ლატვიამ ისევ თბილისში გვაგემა, როდესაც 2008 წელს 3:1 მოიგო. ჩვენებურთაგან ერთადერთი გოლი კახა კალაძემ გაიტანა.
აი, რაც შეეხება სამ გამარჯვებას – ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 1994 წელს, რიგაში შედგა და საქართველოს ნაკრებმა დავით ჯანაშიას, კახი კაჭარავასა და გოჩა ჯამარაულის გოლებით 3:1 მოიგო. ასევე, ჯამარაულის დუბლით, 1998 წელს, მალტის საერთაშორისო ტურნირზე “ჯვაროსნებმა” 2:1 მოიგეს. მესამე გამარჯვება კი საქართველომ ბოლო დაპირისპირებაში იზეიმა: 2017 წლის 28 მარტს, ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღევანდელი მეტოქე მიუხედავად მატჩის სტატუსისა, არ დაინდო და 5:0 გაანადგურა. ამ ხუთიდან ოთხი გოლი ჯანო ანანიძისა და გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა (დუბლი შეასრულეს), ხოლო წერტილი გიორგი არაბიძემ ჯარიმით დასვა და ნაკრებში სადებიუტო გოლიც შეაგდო.
მთლიანი სტატისტიკა კი თანაბარია: 8 თამაში, 3 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება, 14:10 ბურთების ბალანსი საქართველოს სასარგებლოდ. იმედია, რომ ოფიციალური მატჩების ნავსი გატყდება და საქართველო ლატვიელთა ძლევას მოახერხებს. ამის დრო ნამდვილად დადგა...
მეტოქე
ის, რისკენაც ახლა ჩვენ მივისწრაფვით, ლატვიის ნაკრებს დაჭაშნიკებული აქვს. ბალტიისპირელებმა 2004 წელს დიდი სენსაცია გამოცხვეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, საუკეთესო 16 გუნდში მოხვდნენ. თუმცა, მას შემდეგ ლატვიური ფეხბურთი კრიზისს განიცდის.
თავად განსაჯეთ: 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ლატვიამ 20 თამაში ჩაატარა და მხოლოდ ორჯერ მოახერხა გამარჯვება. ანდორასთან (4:0) ოფიციალურ მატჩში 2017 წელს და სამი თვის წინ ესტონეთთან ბალტიისპირეთის ტურნირზე (1:0). იყო ასევე 4 ფრეც – ორჯერ ფარერებთან, ლიეტუვასთან და სამი დღის წინ, ანდორასთან. აი, დანარჩენი 14 შეხვედრა კი წააგო (მათ შორის, საქართველოსთან 5:0). აქვე ვთქვათ, რომ ლატვიამ ანდორასთან მეტად უფერული ფეხბურთი აჩვენა და გუნდის ფინელ სპეციალისტის კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს.
საერთოდ, ლატვია არ გამოირჩევა ტექნიკური და ფეერიული ფეხბურთის თამაშით. ბალტიისპირელები უფრო მეტადაქცენტს დაცვაზე და აკეთებენ, ხოლო შეტევაში ბედს კონტრშეტევებითა და სტანდარტულებით ეძებენ. ამასთან, პაატელაინენის გუნდებსაც ახასიათებთ სტანდარტული სიტუაციების დროს კარგი თამაში და ვაისის გუნდი ამას ალბათ, ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდეს.
რაც შეეხება შემადგენლობას: კარს 38 წლის გამოცდილი კიპერი ანდრის ვანინსი იცავს, რომელსაც საკმაოდ კარგი კარიერა აქვს. 7 წელი შვეიცარიული “სიონის” კარს იცავდა, ხოლო 2016 წლიდან “ციურიხში” გამოდის. ამ გუნდის ძირითადშიც თამაშობდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მოედანზე არ გასულა.
გუნდში ნაკლებად არიან ლეგიონერები და თუ არიან, საკმაოდ სუსტი გუნდებიდან. მათ შორის, უკვე ნახსენები “ციურიხი” უდაოდ გამორცეულია. უნდა გამოვყოთ პოლონური “პოდბესკიძიეს” ფორვარდი ვალერის შაბალა, რომელსაც 45 სანაკრებო მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. ნახევარდაცვაში კი ყველაზე გამორჩეული ალექსის ვისნაკოვსკია 34 წლის იურმალას “სპარტაკსიდან”.
მიქსუ პაიტელაინენისგან დღეს ასეთ შემადგენლობას ველოდებით (4-4-2): ვანინსი; გაბოვსი, დუბრა, იაგოდინსკი, სოლოვოივსი; კლუისკინსი, ფერტოვსი, რაკეცი, ლუკიანოვსი; იკაუნიეკსი, შაბალა.
შეხვედრას ბერძენ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, ხოლო მთავარი არბიტრი ანასტასიოს პაპაპეტროუ იქნება.