კალათბურთი

0:47 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელმა ვეღარ იყოჩაღა, ესტონეთი ისევ დამარცხდა

ისრაელის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და პოლონეთთან 76:84 (16:27, 23:19, 19:20, 18:18) დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ოდედ კატაშის შეგირდები სანკტ-პეტერბურგში იმყოფებიან და კონდრაშინისა და ბელოვის თასის პირველ შეხვედრაში მასპინძელ რუსეთს მოულოდნელად იოლად – 93:71 სძლიეს, პოლონეთთან კი ასევე ყოჩაღად ვერ გამოიყურებოდნენ.

ისრაელის ნაკრებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ იოველ ზუსმანმა (15) და ცნობილი მწვრთნელის დევიდ ბლატის ვაჟმა ტამირ ბლატმა (11) გადააბიჯეს. ისიც სათქმელია, რომ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ებრაელთა ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელ ჯონ დიბარტოლომეოს.

წარუმატებელი დღე ჰქონდა ქართველ კალათბურთელთა კიდევ ერთ მომავალ მეტოქე ესტონეთს. ბალტიისპირელები ბელგიასთან პირველ საკონტროლო მატჩში 60:98 განადგურდნენ, გუშინ კი შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ და “მხოლოდ” 13 ქულით – 55:68 (14:20, 12:19, 11:9, 19:20) წააგეს.

ესტონელთა რიგებში საუკეთესო კრისტიან კულამაე იყო 16 ქულით, მარტინ პაასოიამ კი 11 ქულა ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისრაელს 13 სექტემბერს თელ ავივში გაეჯიბრება, ესტონეთთან პირველი შეხვედრა კი 30 ნოემბერს, ასევე სტუმრად ელის.

0.138333