უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო. დაიწყო საქართველოს ნაკრების გამარჯვებით და ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი ქართული გამოვიდა. ეს სასიამოვნოა, ეს ისტორიაა.
დღეს კი, ტურნირი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და პირველი ტურის მატჩები სხვა ჯგუფებშიც გაიმართება.
ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად საინტერესო მატჩები გველოდება. ყველაზე დიდ ინტერესს, ბოლონიაში, A დივიზიონის მესამე ჯგუფის შეხვედრა იწვევს. იტალიის ნაკრები პოლონეთს უმასპინძლებს. “სკუად აძურა” კრიზისშია, “სკუადრა აძურა” ფორმირების პროცესშია. ეს იქნება რობერტო მანჩინის პირველი ოფიციალური შეხვედრა აპენინელთა თავკაცის პოსტზე და ბუნებრივია, ეცდება გამარჯვებით დაიწყო.
მანჩინი მიიჩნევს, რომ კლუბებში იტალიელი ახალგაზრდები იჩაგრებიან და არ ათამაშებენ. ეს კი, მათ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ძნელია არ დავეთანხმოთ გამოცდილ სპეციალისტს. ეს, მართლაც ასეა. თუმცა, რობერტოს ეიმედება იტალიის ნაკრების და აცხადებს, რომ ერთა ლიგის გამარჯვებული მისი გუნდი უნდა გახდეს და აქედან დაიწყოს სწორება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებისკენ. თავის მხრივ ამბიცია პოლონეთის ნაკრებსაც აქვს, რომელმაც მუნდიალი ჩააგდო და ახალი მთავარი მწვრთნელით ახალ ეტაპს იწყებს.
B დივიზიონის მეორე ჯგუფში თურქეთის ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს. გარკვეული ინტერესი ამ მატჩის მიმართაც არის და ორივე გუნდს ბევრი აქვს დასამტკიცებელი. მაგალითად, სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდს ის, რომ მუნდიალის მეოთხედფინალი შემთხვევითობა არ ყოფილა.
C დივიზიონში ორი სხვა და სხვა ჯგუფში სამი მატჩია დაგეგმილი. ალბანეთი ისრაელს, ლიტვა სერბეთს, ხოლო რუმინეთი მონტენეგროს უმასპინძლებს.
და ბოლოს, ჩვენთვის საინტერესო, D დივიზიონი, სადაც მესამე ჯგუფის მატჩები გაიმართება. ბაქოში, აზერბაიჯანი კოსოვოს ნაკრების მასპინძელი იქნება, ხოლო ფარერები ტორსაჰაუნში, მალტის ნაკრებთან ფავორიტია.
ყველა ზემოხსენებული მატჩი გარდა აზერბაიჯანი – კოსოვოსი, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.