სხვა

13:36 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ჩიოტაირიუსთან ორთაბრძოლით იწყებს

იაპონიის სუმოს ასოციაციამ სექტემბრის სუპერტურნირის სასტარტო დღეების განრიგი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი პირველ ორთაბრძოლას ჩიოტაირიუს წინააღმდეგ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოს სუმოს მექად წოდებული ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” 9-23 სექტემბერს უმასპინძლებს, ქართველ ფალავანს კი მძიმე დღეები ელის, რადგანაც კადობანში გახლავთ ჩაყენებული: თუკი მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) მაინც არ დააფიქსირა, ოძეკის წოდებასთან გამოთხოვება მოუწევს.

ტოჩინოშინი დასავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულის მქონე ჩიოტაირიუს კარიერაში მეექვსედ გაეჯიბრება, გასული ორთაბრძოლების თავზე კი ტოკიოელ სეკიტორთან დადებითი ბალანსი აქვს: 4 მოგება, 2 მარცხი. წლეულს, ჩვენებური იაპონელს 2-ჯერ გაეჯიბრა და მარტში ოკურიდაშით მოუგო, ხოლო მაისში – იორიკირით (1:32:20-დან).

საშემოდგომო ტურნირის მე-2 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელიც ქართველ სუმოისტს მაისში ცუკიოტოშით ჰყავს დამარცხებული.
ვთქვათ ისიც, რომ ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში, საწყისდდღეს იოკოძუნა კაკურიუ კომუსუბი ტაკაკეიშოს გაეჯიბრება, იოკოძუნა ჰაკუჰო – კომუსუბი ტამავაშის, იოკოძუნა კისენოსატო – პირველ მაეგაშირა იკიოის, ოძეკი გოეიდო – პირველ მაეგაშირა კაისეის, ხოლო ოძეკი ტაკაიასუ – მე-2 მაეგაშირა იუტაკაიამას.
მნიშვნელოვანი შერკინებები ელის გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-12 ნომრის წოდებით გაირჯება.
დიდია ალბათობა, რომ უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) დაფიქსირების შემთხვევაში, ქართველი გოლიათი მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში აღმოჩნდეს, ამდენად, ჩვენებურს მაქსიმალური მობილიზება მართებს.
ტოკიოში გაგამარუს პირველი მოწინააღმდეგე ჯურიოს დასავლეთის მე-12 ნომერი ჰაკუიოძანი იქნება, რომელიც ჯუღელს ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.

0.211055