ერთა ლიგის გათამაშება საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო, გამარჯვებით. ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი გუნდია, ლატვია და ანდორა - მათაც ითამაშეს.
რიგაში, 90 წუთი ბურთი გააგორეს, მაგრამ ფეხბურთი ნაკლებად იყო. პირდაპირ ვთქვათ და მეტად მდარე ხარისხის ფეხბურთი გახლდათ და შედეგიც ლოგიკური დადგა - 0:0.
გაინტერესებთ გუნდებმა კარის ჩარჩოში რამდენჯერ დაარტყეს? - ერთხელ! ამის გაკეთება ლატვიის ნაკრებმა მოახერხა. სამაგიეროდ, გუნდები არ ერიდებოდნენ უხეშობას. ჯამში 54-ჯერ დაირღვა თამაშის წესი (24-ჯერ ლატვიელთა და 30-ჯერ ანდორელთა მხრიდან). იყო 7 ყვითელი ბარათიც. მოკლედ, რიგაში საფეხბურთო მატჩი გახლდათ, მაგრამ ფეხბურთი არ ყოფილა.
ლატვია კი ჩვენი მომდევნო მეტოქეა, 9 სექტემბერს, თბილისში დაგვიპირისპირდება. არ გვსურს წინასწარ გაბუქება, მაგრამ რაც პირველ ტურში გამოჩნდა, საქართველოს ნაკრებმა მომდევნო მატჩი უბრალოდ უნდა მოიგოს...