დღეს, 6 სექტემბერს, ასტანაში გაიმართა ცნობილი კინორეჟისორის, საქართველოს კინოაკადემიისა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრის, გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის " ჩვენი ფეხბურთი-ს" საჯარო ჩვენება.
აღნიშნული ფილმი აღიარებული იქნა 2013 წლის მილანის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალისა და ტაშკენტის საერთაშორისო ფესტივალის "სპორტი კინოსა და ტელევიზიაში" საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად. ფილმი 30 წუთიანია და მასში ქართული ფეხბურთის საუკუნოვანი ისტორიაა ასახული.
საჯარო ჩვენების ცერემონია გახსნა ყაზახეთის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ცნობილმა კომენტატორმა პაველ ციბულინმა. პროექტის ინიციატორმა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ პაჭკორიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო გოგი თორაძე შემოქმედებითი ბიოგრაფია და მისი ღვაწლი ქართულ კინემეატოგრაფში. პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ ბ-ნი გოგი თორაძე, ლეგენადრული ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი-ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა, ყაზახეთში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის ხელმძვანელები, ადგილობრივი ვეტარანები და ნორჩი ფეხბურთელები.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან