ფეხბურთი

19:02 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შავ-თეთრი ტელევიზორი

გურამ კაშია არ არის გმირი. გურამ კაშია არ არის გამომგონებელი. გურამ კაშია არ არის ანტიქრისტე. ის არ არის დაჯილდოებული განსაკუთრებული ნიჭით და არ ცდილობს რობერტ პლანტის ტემბრით მოგეფეროს. კაშია არ არის ილუზიონისტი და წნევის დამწევ წამალს ელესდედ ვერ გადააქცევს, რაც ბევრისთვის ისედაც წნევის დამწევია.

გურამ კაშია უბრალოდ, ძალიან კარგი სპორტსმენი და ფერადი, თავისუფალი ახალგაზრდაა.

ადრე, ბევრი წლის წინ ბუკიას ბაღში რამდენიმე მოძველბიჭო ტიპმა „როლინგების“ გრძელთმიან მსმენელს ბიჭო, რას გავხარ, თმა შეიჭერი-თ რომ მიმართა, იქ ჩვენმა ქვეყანამ ერთი ნაბიჯი უკან, უკანალისკენ გადადგა. იმ ერთი უცენზურო, გამომწვევი მიმართვით მთქმელმა საკუთარ თავს შეაფურთხა და ვისაც უთხრეს, იმან გაატარა.

კაშიამ თანასწორობას დაუჭირა მხარი. როგორც - ბევრმა. და ბევრმა ვერ გაიგო, რატომ უნდა იყოს ადამიანი თავისუფალი. რთულია მოუგო იმას, ვინც არასოდეს ნებდება და თავისუფლად, ფერადად მიდის თავისი მიზნისკენ. კაშია, ეს ჩვეულებრივი ახალგაზრდა არ ცნობს შურს, ზიზღს, ბოღმას და ბაბულიკურ „წადი შენი“-ს. სადაც საჭიროა, ის სათქმელს მაინც ამბობს და არც ითხოვს, რომ ეს აზრი სხვამ გაიზიაროს. არჩევანი თქვენია. თუ არ ეთანხმებით, თქვენ აზრზე დარჩით. უბრალოდ, სხვისი ცუდად, გესლიანად მოხსენიება არ მოსულა, არასწორია.

მხოლოდ ცხოვრება, ჰაერის შთანთქვა უინტერესოა. თავისუფლად ცხოვრება, ცისარტყელის ფერებში გაღვიძება და სხვისი სიკეთით სუნთქვა უფრო მაგარი, უფრო სასიამოვნოა. ჩვენ კიდევ ბოლო დროს ყველას ყველაფერს ვუთვლით, ვაძახებთ, ვამადლით. არასოდეს არ დაუთვალო ადამიანს ღიმილი. ის ხომ იმ დროს ყველაზე თავისუფალია.

კაშია ფეხბურთს კარგად თამაშობს. გურამი ჯერ ვერ იგებს რომელიმე სინჯის ბურთს, მაგრამ საქართველოს ნაკრების ლიდერმა უკვე მოიგო ერთი ჯილდო. კაშია უეფამ დააფასა. ალბათ, რადიკალური, ოდნავ გებელსური, სადღაც - ქუჩური და ძირითადად - რადიკალურად შეუგნებელი საზოგადოების ნაწილი ამ აღიარებასაც ვერ გაიგებს და ჩარეცხავს. ძალიან ცუდი.

ბევრს დღემდე არ ესმის რას ნიშნავს მოსაწევის დეკრიმინალიზაცია. უბრალოდ, არ ფლობს საკმარის ინფორმაციას და პატარა ჭურში ჩაკეტილი, წვალობს და იტანჯება. ბევრი ვერ გაიგებს , რატომ გაიკეთა კაშიამ ფერადი სამკლავური. ძირითადად, რელიგიურ ფასეულეობებს ამოფარებული იფიცება და პირჯვარის გადაწერის პარალელურად, დებს ფიცს, რომ ჩემი დედას ......, ეს კაცი ჩემთვის „ვაბშე“ არ არსებობს.

ესეც ცუდია.

ბევრისთვის ყაჩაღობა და ქუჩაში ხალხის შეყენებაც უფრო კაცურია, ვიდრე ის - რაც გააკეთა საქართველოს ნაკრების ლიდერმა. ესეც თავისუფლებაა. ბევრისთვის შუფუტინსკი უფრო კარგი მოსასმენია, ვიდრე - ფრედი მერკური და ჩარლზ ბუკოვსკი ამორალური დეგენერატია. ალბათ, ესეც თავისუფლებაა.

და მთელ ამ ისტორიაში ყველაზე თავისუფალი არის გურამ კაშია, რომელმაც დიდი ხნის წინ გადააგდო შავ-თეთრი ტელევიზორი და ცხოვრებას ფერადად, თავისუფლად უყურებს.

0.113249