ფიდე-ს მიერ გამოქვეყნებული ახალი რეიტინგის სათავეში კვლავაც ჩინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ჰოუ იფანი (2658) იმყოფება, ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი კი ეროვნული ნაკრების ლიდერ ნანა ძაგნიძეს აქვს. ის 2509 ქულით მე-11 ადგილზეა.
კლასიფიკაციის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2658), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2651), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2559), კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2556), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555), ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი, 2535), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2533), ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2528), თან ჩჟუნი (ჩინეთი, 2527), ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2513).
ესეც ასეულში მყოფი ქართველ მოჭადრაკეთა შედეგები: 11. ნანა ძაგნიძე (2509), 15. ნინო ბაციაშვილი (2482), 18. ლელა ჯავახიშვილი (2475), 20. ბელა ხოტენაშვილი (2469), 60. მერი არაბიძე (2404), 71. სალომე მელია (2391), 79. სოფიკო გურამიშვილი (2378).
ვაჟთა რეიტინგს კვლავაც ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2839) ლიდერობს, თუმცა, ამერიკელ ფაბიანო კარუანასთან (2827) მისი უპირატესობა ძველებურად შთამბეჭდავი ვეღარ არის. საუკეთესო ასეულში საქართველოს მხოლოდ ივან ჩეპარინოვი (2715) წარმოადგენს. ექს-ბულგარელი, რომელიც მოახლოებულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე სწორედ ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავს, 29-ე ადგილზეა.
ვაჟების კლასიფიკაციის მოწინავე ათეულს ასეთი სახე აქვს: მაგნუს კარლსენი (2839), ფაბიანო კარუანა (2827), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 2820), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2804), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2780), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2780), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2780), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2779), ვესლი სო (აშშ, 2776) და ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2771).
გოგონათა რეიტინგის საუკეთესო ასეულში ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე ფიგურირებს: ნინო ხომერიკი (2313) 27-ე ადგილზეა, საუკეთესო შედეგი კი ხსენებულ რუს ალექსანდრა გორიაჩკინას (2535) აქვს, რომელიც დიდების კლასიფიკაციაში უკვე მეექვსეა.