აშშ-ს ღია პირველობაზე კაცთა და ქალთა თანრიგში ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. 1/4 ფინალში ვერ ვიხილავთ როჯერ ფედერერს, რომელიც დღეს, გამთენიისას, ჯონ მილმანთან დამარცხდა.
როჯერმა ოდენ პირველი სეტი ჩაატარა ჩვეულ დონეზე, როდესაც მეტოქეს 34 წუთში შანი არ დაუტოვა და 6:3 იმარჯვა. თუმცა, აქედან მოყოლებული ავსტრალიელი ჩოგბურთელი ლეგენდარულ ვიზავის ტოლს არაფერში უდებდა და რიგ ეპიზოდში სჯაბნიდა კიდეც. თუმცა, შვეიცარიელი მეჩოგნეც უჩვეულოდ ბევრ შედომას უშვებდა და მოწინააღმდეგეს საქმეს უადვილებდა.
მეორე სეტი მილმანმა 7:5 მოიგო, ხოლო მესამე და მეოთხე სეტების ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. ორჯერვე გამარჯვებული ჯონი გამოვიდა და ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 55-ე ადგილზე მყოფმა ჩოგანმა მეორე ჩოგანი დაამარცხა და მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი სენსაციაც გამოცხვა!
მეოთხედფინალში ითამაშებს მარინ ჩილიჩი. ხორვატმა ბელგიელი დავიდ გოფინი ძალიან ადვილად დაამარცხა – 3:0. ბალკანელეს ოდენ საწყის სეტში გაუჭირდა, თუმცა, თითქმის ერთსაათიან ბრძოლაში 7:6 მოიგო. მერე კი, ჩილიჩის უპირატესობა აშკარა იყო.
ქალთა შორის კი მარია შარაპოვამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია კარლა სუარეს ნავაროს, რომელმაც რუსი ჩოგბურთელი ორ სეტში, საათნახევრიან ბრძოლაში დაამარცხა – 6:4, 6:3. საგულისხმოა, რომ მაშამ ძალზე ცუდი ჩოგბურთი აჩვენა და ძალიან ბევრი უნებლიე, უხეში შეცდომა ჰქონდა, რამაც განაპირობა კიდეც მატჩის საბოლოო შედეგი.
მილმანი – ფედერერი 3:1 (3:6, 7:5, 7:6 (9:7), 7:6 (7:3)) VIDEO
ჩილიჩი – გოფინი 3:0 (7:6 (8:6), 6:2, 6:4) VIDEO
სუარეს ნავარო – შარაპოვა 2:0 (6:4, 6:3) VIDEO
მოკლედ, US Open-ზე მეოთხედფინალური ბადე დაკოპლექტებულია, რომელიც შემდეგნაირია:
კაცები, 1/4 ფინალი
დელ პოტრო – ისნერი
ნადალი – ტიმი
ჩილიჩი – ნიშიკორი
ჯოკოვიჩი – მილმანი
ქალები, 1/4 ფინალი
სტეფენსი – სევასტოვა
სერენა უილიამსი – პლისკოვა
ოსაკა – ცურენკო
სუარეს ნავარო - კისი.