სულ უფრო ცოტა დრო რჩება 2018 წლის ბოლოსწინა ბაშოს სტარტამდე. შეგახსენებთ, რომ მოახლოებული ტურნირი 9-23 სექტემბერს ჩატარდება, მისი მასპინძელი კი სუმოს მექად წოდებული – ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანი” იქნება.
30 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი შეჯიბრზე ისევ დასავლეთის მე-2 ოძეკის რანგში წარსდგება, თუმცა კი, ამჯერად კადობანშია ჩაყენებული. უკეთ განვმარტოთ: თუკი ტოჩინოშინი სექტემბრის ბაშოზე მინიმალურ დადებით ბალანსს (კაჩი-კოში) მაინც ვერ დააფიქსირებს, სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითება მოუწევს.
აკი ბაშოზე დოჰიოზე სამივე იოკოძუნას ვიხილავთ: კაკურიუ, ჰაკუჰო და კისენოსატო “იმპერატორის თასის” მოპოვების უმთავრესი კანდიდატები იქნებიან. საქმეში ისევ ოძეკების წოდებით ვიხილავთ გოეიდოსა და ტაკაიასუს, ივლისის სუპერტურნირის ტრიუმფატორი მიტაკეუმი და იჩინოჯო სეკივაკეები იქნებიან, ტამავაში და ტაკაკეიშო კი კომუსუბების რანგში გაირჯებიან.
წლის მე-5 კლასიკური ტურნირისთვის მზადება გამალებულად მიმდინარეობს და სპარინგ-შეხვედრებს ტოჩინოშინიც ატარებს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა სუმოისტმა გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გამოტოვა და დაკარგულის ანაზღაურებას ახლა ლამობს.
თავდაპირველად, ლევანი კასუგანოს სკოლას ესტუმრა და მიტაკეუმისთან 7 ორთაბრძოლა ჩაატარა. ჩვენებური კარგად გამოიყურებოდა და ნაგანოელი სეკიტორი 5-ჯერ დაჯაბნა.
ქართველ გოლიათს გაცილებით დატვირთული დღე ჰქონდა “კოკუგიკანში”, სადაც იოკოსინის (იოკოძუნების საქმეებთან დაკავშირებული კომიტეტი) წევრების თვალწინ ოფიციალური ერთობლივი ვარჯიში ჩატარდა.
ტოჩინოშინმა კაკურიუსთან, კისენოსატოსთანა და გოეიდოსთან თითოჯერ წააგო, სამაგიეროდ, ორივე სეკივაკეს დაამჯერებლად გაუმკლავდა: როგორც – მიტაკეუმი, ასევე იჩინოჯო 7:1 გაანადგურა.
საინტერესოა, რომ ივლისის ბაშოს გამარჯვებული ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მიტაკეუმიმ 14-დან ერთადერთი ბრძოლა მოიგო და ისიც – აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა კაგაიაკისთან.
აქვე გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელზეც ვთქვათ, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ვარდნას განაგრძობს. ქართველი გოლიათი განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) აღმოსავლეთის მე-12 ნომერია და თუკი ისევ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა, დიდი შანსია, მაკუშიტაში აღმოჩნდეს.
ბოლოს კი, ერთი საინტერესო და ამავდროულად საამაყო ამბავიც. იაპონიის სუმოს ასოციაციის მთავარ გვერდზე აკი ბაშოსადმი მიძღვნილ პოსტერზე ტოჩინოშინის ფოტოა გამოსახული. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, ქართველ სეკიტორს სუმოს სამშობლოში რამხელა პატივს სცემენ.