ფეხბურთი

1:50 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბეტისს” სევილიური დერბი 37 წლის ხოაკინმა მოაგებინა

ლა ლიგის მესამე ტურის ცენტრალური დაპირისპირება “ბენიტო ვილამარინზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ბეტისი” თანაქალაქელ “სევილიას” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით სძლია.

სევილიური დერბი ტრადიციულად ძალიან დაძაბული გამოდგა, რისი დასტურიც 9 ყვითელი და 1 წითელი ბარათია. მთლიანობაში კი შეხვედრა თანაბარი იყო, ორივე გუნდი შეტევას ცდილობდა და შანსები ორივეს ჰქონდა. პირველ ტაიმში “ბეტისმა” გოლი კი გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერმა ხესუს ხილ მანსანოს თამაშგარე მდგომარეობა უკარნახა, შესაბამისად გოლი გაუქმდა და ტაიმი 0:0 მორჩა.

გადამწყვეტი გამოდგა როკე მესას გაძევება, რომელსაც მანსანომ 66-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და “სევილია” 10 კაცით დარჩა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს. “მწვანეების” რიგებში 75-ე წუთზე გამოჩნდა მათი ცოცხალი ლეგენდა და კაპიტანი, უბერებელი ხოაკინ სანჩესი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უკვე 37 წლისაა მაინც შესანიშნავ ფორმაშია, რაც მოედანზე გამოსვლიდან ხუთ წუთში დაამტკიცა. ის მშვენივრად გაიხსნა, მანდის კარგი ჩაწოდება გამოიყენა და ახლო მანძილიდან თავით გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს პირველი გამარჯვება მოუპოვა – 1:0.

“ბარსელონამ” “ნოუ კამპზე” “უესკა” მიიღო და არასაფეხბურთო ანგარიშით 8:2 გაანადგურა. შეხვედრა მოულოდნელი სცენარით დაიწყო და მე-3 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ ყველაფერი მალევე თავის ადგილზე დადგა და “ბარსამ” მე-40 წუთამდე სამი გოლი გაიტანა, თუმცა ლა ლიგის დებიუტანტებმა პირველ ტაიმში გაიბრძოლეს და 42-ე წუთზე ტერ შტეგენს მეორეც გაუტანეს. აი მეორე ნახევარში კი რაც მოხდა, ამას ანგარიშიც ნათლად ასახავს. “ბლაუგრანამ” მეტოქეს უბრალოდ გადაურბინა, ხოლო საკუთარ გულშემატკივარს დიდებული სანახაობა აჩუქა.

აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესიმ, რომელმაც მეტოქეს დუბლი შეუსრულა, 37-ე სხვადასხვა გუნდს გაუტანა ლა ლიგაში.

დღის კიდევ ერთი დერბი “სიუდად დე ვალენსიაზე” გაიმართა, სადაც ვალენსიურმა კლუბებმა “ლევანტემ” და “ვალენსიამ” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. მასპინძელთაგან პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა როხერმა, ხოლო ერთი ბურთი დენის ჩერიშევმა შეაგდო თავური დარტყმით და ტაიმი 2:1 მორჩა, ხოლო 52-ე წუთზე დანი პარეხომ პენალტით გაათანაბრა. გატანილი გოლების გარდა, ორივე გუნდს შეეძლო კიდევ გატანა: მორალესმა პირველ ტაიმში ხარიხას გაარტყა ბურთი, ხოლო “ღამურებიდან” კევინ გამეირო და როდრიგო მორენო რამდენჯერმე იყვნენ გოლთან ახლოს, თუმცა მიზანი ვერ გაისწორეს – 2:2.

“ალავესმა” კი “ესპანიოლს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ ტაიმი დათმო, დიდებული ორწუთიანი მონაკვეთის ხარჯზე, მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

ლევანტე – ვალენსია 2:2 (2:1)

გოლები: 1:0, 2:1 როხერი (13; 33), 1:1 ჩერიშევი (16), 2:2 პარეხო (52 პენ.)

ბარსელონა – უესკა 8:2 (3:2)

გოლები: 0:1 ჩუჩო (3), 1:1, 6:2 მესი (16; 61), 2:1 პულიდო (24 ს.კ.), 3:1, 8:2 ლ.სუარესი (39; 93), 3:2 გალარი (42), 4:2 დემბელე (48), 5:2 რაკიტიჩი (52), 7:2 ალბა (81)

ბეტისი – სევილია 1:0 (0:0)

გოლი: ხოაკინი (80)
გაძევება: მესა (66 ს.)

ალავესი – ესპანიოლი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბაპტიშტაო (42 პენ.), 1:1 ბასტონი (57), 2:1 სობრინო (59)

თეგებილა ლიგა
0.113463