ავტოსპორტი

1:36 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა „ფერარი“ მონცაზე დაამარცხა

ლუის ჰამილტონმა იტალიის დიდი პრიზის რბოლაში, ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. მონცას რბოლა უდაოდ ამ სეზონში ყველაზე საინტერესო, ამ ათწლეულში კი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ბრიტანელმა უშუალო ბრძოლაში დაამარცხა „ფერარის“ პილოტები და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ჰამილტონისთვის ეს მონცაზე მოპოვებული მეხუთე გამარჯვებაა, რითაც მიხაელ შუმახერის მიღწევა გაიმეორა. რაც მთავარია, ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ეტაპით ადრე, თავის უახლოეს მდევარ სებასტიან ფეტელთან უპირატესობა, 17-დან 30 ქულამდე გაზარდა.

ფეტელის თანაგუნდელი კიმი რაიკონენი, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო, მეორე ადგილს დასჯერდა. ფინელისთვის ეს კარიერაში მეასე კვარცხლბეკია. ფინიშის ხაზი მესამემ მაქს ფერსტაპენმა გადაკვეთა, მაგრამ მის დროს ის საჯარიმო ხუთი წამი დაემატა, რომლებიც სტუარდბმა ვალტერი ბოტასთან შეჯახებისთვის გამოუწერეს. ამის გამო, ჰოლანდიელმა ორი პოზიცია დაკარგა, კვარცხლბეკზე კი მის ნაცვლად, ბოტასი ავიდა. მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა ფეტელი, რომელმაც პირველ წრეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გმირულად კი იბრძოლა, მაგრამ მეტწილად საკუთარი შეცდომით გამოწვეული დანაკარგის ბოლომდე გამოსწორება მაინც ვერ მოახერხა.

„რაც მახსოვს, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამარჯვებაა“, - ნარბოლევს განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ფეტელს პირველივე ეს-ში შეუტია. მოხდა კონტაქტი, თუმცა ორივემ გზის გაგრძელება შეძლო. ჰამილტონმა გერმანელს მეორე ეს-შიც (ვარიანტე დელა როჯია) შეუტია და ამჯერად დაწინურება შეძლო. მისი მანევრი იმდენად ხისტი იყო, რომ ფეტელს შეცდომის დაშვება აიძულა - „ფერარი“ „მერსედესს“ რადიატორის კორპუსზე, წინა მარჯვენა ბორბლით შეეხო, რამაც მას მართვა დააკარგვინა. ფეტელი დატრიალდა და წამში პელოტონის სათავედან, კუდში ამოჰყო თავი. ჰამილტონმა კი უვნებლად გააგრძელა გზა.

ფეტელს წინა ფრთა დაუზიანდა, რის გამოც, ბოქსებში შესასვლელი გახდა. „ბედად“, სტარტზე სხვა ინციდენტიც მოხდა, რის გამოც, ბრენდონ ჰარტლის „ტორო როსო“
საევაკუაციო გახდა, ამის გამო კი ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ამის წყალობით, ფეტელს მანქანის რემონტზე ბევრი დრო არ დაუკარგავს.

ჰამილტონმა რესტარტისთანავე შეუტია რაიკონენს და პირველი მოსახვევის წინ, სლიპ სტრიმით გაასწრო კიდეც, მაგრამ „ფერარის“ პილოტმა მალევე დაიბრუნა ლიდერის პოზიცია. მაგრამ ფინელ პილოტს პიტ სტოპიდან მალევე დაეწყო პრობლემა, რომლის გამოც, მეტოქის შეკავება ვერ შეძლო. მის მანქანაზე უკვე 30-ე წრეზე, უკანა მარცხენა საბურავს განშრევება დაეწყო. ჰამილტონმა, ვინც რვა წრით გვიან შეასრულა პიტ სტოპი, მალევე შეძლო დაწევა, რაშიც ლიდერის პოზიციაში მყოფი ბოტასი დაეხმარა.

ბრიტანელმა გადამწყვეტი შეტევა 45-ე წრეზე შეასრულა, როცა პირველი მოსახვევის (ვარიანტე დელ რეტიფილო) წინ, სლიპ სტრიმით გაუარა მეტოქეს. ეს იყო რბოლის კულმინაცია, რის შემდეგაც მოქმედმა ჩემპიონმა რაიკონენთან უპირატესობა სწრაფად გაზარდა 6 წამამდე და გამარჯვება აღარც გასჭირვებია.

„ძალიან ძნელი დღე იყო. უარყოფითი დახვედრა სასიამოვნო არაა, მაგრამ ეს მე ძალას მაძლევს. ამას იოლად ვეგუები. მიყვარს აქ, იტალიაში ყოფნა... შესანიშნავი ტრეკია და დიდი პატივია აქ, ასეთი დიდებული მაყურებლის წინაშე გამარჯვება“, - კვარცხლბზე ინტერვიუსას განაცხადა გამარჯვებულმა.

ფეტელმა თავი იმართლა - ჰამილტონმა გზა არ დამიტოვა და სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავჯახებოდიო. თუმცა სტიუარდებმა ამ შეჯახებაში არცერთის ბრალი არ დააფიქსირეს და ინციდენტი დაუსჯელად დატოვეს. თუმცა სხვაგვარად ფიქრობენ მსოფლიოს ჩემპიონები - დეიმონ ჰილი და ჰამილტონის ყოფილი თანაგუნდელი ნიკო როსბერგი, რომელთა აზრითაც, ფეტელი გაზრდილმა წნეხმა გატეხა. „ვფიქრობ, ეს 100 პროცენტით სებასტიანის შეცდომაა, ლუისმა მას გზა დაუტოვა“, - სკაი სპორტს ფ1-ის რეპორტაჟისას განაცხადა როსბერგმა.

რაც შეეხება რაიკონენს, უკვე 108 რბოლაა, მას გამრჯვება არ მოუპოვებია. ამჯერად ამის გამოსწორება შეეძლო, მაგრამ საბურავებმა უღალატა. „მანქანა საკმარისად სწრაფი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, უკანა საბურავებმა ვერ გამიძლო. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ“, - განაცხადა მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა.

იტალიის დიდი პრიზი

მონცა, დისტანცია 306.720 კმ (5793 მ, 53 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:16:54.484
  2. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 8.705
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 14.066
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 16.151
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 18.208
  6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 56.320
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რეისინგ პოინტი) 57.761
  8. სერხიო პერესი (მექსიკა,რეისინგ პოინტი) 58.678
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:18.140
  10. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  11. სერგეი სიროტკინი (უილიამსი) 1 წრე
  12. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1 წრე
  13. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  15. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  16. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 30 წრე
  19. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 44 წრე
  20. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 53 წრე

უსწრაფესი წრე: ლუის ჰამილტონი - 1:22.497 (30-ე წრე, 252.794 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 256 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 226; 3. კიმი რაიკონენი - 164; 4. ვალტერი ბოტასი - 159; 5. მაქს ფერსტაპენი - 130; 6. დანიელ რიკიარდო - 118; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 52; 8. კევინ მაგნუსენი - 49; 9-10. სერხიო პერესი და ფერნანდო ალონსო - 44; 11. ესტებან ოკონი - 43; 12. რომენ გროჟანი - 35; 13. კარლოს საინსი - 32; 14. პიერ გასლი - 28; 15. შარლ ლეკლერი - 13; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17. მარკუს ერიკსონი - 6; 18. ლანს სტროლი - 5; 19. ბრენდონ ჰარტლი - 2; 20. სერგეი სიროტკინი - 0

გუნდური ჩემპიონატი

1. მერსედესი - 415 ქულა; 2. ფერარი - 390; 3. რედ ბული - 248; 4-5. ჰაასი და რენო - 84; 6. მკლარენ - 52; 7. ტორო როსო - 30; 8. რეისინგ პოინტი (ფორს ინდია) – 28; 9. ზაუბერი - 19; 10. უჯილიამსი - 5

Loading...
0.125487