ბლოგი

15:47 | 2.09.2018 | ნანახია 411 - ჯერ

რა შეუძლია ჭადრაკს

სპორტის პოპულარული სახეობები მოზარდების ერთი ნაწილისათვის მაინც უინტერესო, არაფრისმომცემი და სტანდარტულია. ბავშვის ინდივიდუალური შემეცნება ხშირად ვერ გუობს გუნდურობას და სკოლაში გაკვეთილის დროს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობების (რომლებიც როგორც წესი გუნდური სახეობებია) მიხედვით დაგეგმილ გაკვეთილებს ცდილობს თავი აარიდოს, რაც თითქოს უცნაურია.

ფსიქოლოგ ნინო გახოკიძეს მაიჩნია, რომ მოზარდების იმ ნაწილისათვის, რომლებიც სპორტს და სპორტის ელემენტებით დატვირთულ გაკვეთილებს თავს არიდებენ, უმჯობესია გუნდური სახეობები ინდივიდუალური სახეობებით შეეცვალოთ და ამ გზით უფრო მეტად მიიღწევა ბავშვის სპორტით დაინტერესება. ინდივიდუალური სახეობებიდან კი უპირველესი ჭადრაკია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის უმეტეს სკოლაში უბრალოდ არ ასწავლიან და აღნიშნული სახეობის ერთი შეხედვით სტატიკურობის გამო, უპირატესობა სხვა, უფრო “აქტიურ“ სახეობებს ენიჭება, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორია.

ბავშვთა ფსიქოლოგები ასევე ფიქრობენ, რომ ჭადრაკის მოზარდებში პოპულარიზიცია განსაკუთრებით გაზრდის სპორტისადმი ინერტული ბავშვების ზოგადად სპორტით დაინტერესებას და სასურველია სპორტის ამ სახეობას სკოლებიცა და ბავშვების მშობლებიც ბევრად სერიოზულად თუ შეხედავენ და აღიქვამენ. საქართველოში მიჩნეულია, რომ ჭადრაკზე მხოლოდ გამორჩეულად ნიჭიერმა ბავშვებმა უნდა იარონ და მათ ვისაც ფიქრი “ეზარებათ“, სხვა სახეობა უნდა შევურჩიოთ, რაც როგორც წესი ასევე არასწორია.

პირველყოვლისა უნდა განისაზღვროს ჩვენ რა მოლოდინები გვაქვს, როდესაც მოზარდს ჭადრაკით ვაკავებთ. ძველი და მავნე საბჭოთა “ტრადიციის“ მიხედვით, მშობლებს შვილი ჭადრაკზე მხოლოდ იმიტომ მიჰყავდათ, რომ მისგან “დიდი ჩემპიონი გამოსულიყო“ და როდესაც შეატყობდნენ, რომ ბავშვს თანატოლებთან თანაბარი საჭადრაკო ბრძოლის გამართვაც კი უჭირდა, სწრაფად გამოყავდათ ჭადრაკიდან და რატომღაც რცხვენოდათ კიდეც იმის აღიარება, რომ მათ ოჯახში ტალისა და კასპაროვის დონის ტალანტი არ იზრდებოდა.

ასეთი დამოკიდებულება რომ მცდარია იმითაც ჩანს, რომ მთელს მსოფლიოში უამრავი საჭადრაკო აკადემია თუ საჭარდრაკო სკოლა არსებობს, რომლებსაც დიდი ჩემპიონები არასოდეს გაუზრდიათ, მაგრამ არავის მოსვლია აზრად ამის გამო საჭადრაკო სკოლების გაუქმება. მათი მიზანი პირველყოვლისა ბავშვების ჭადრაკით დაინტერესება, ამ სახეობის ახალგაზრდებში პოპულარიზაციაა და თუკი ეს მიზანი მიღწეულია, ჩემპიონისა და გამორჩეული ტალანტის გამოჩენა ხშირად არც მწვრთნელზეა დამოკიდებული, არც შექმნილ პირობებზე და არც ფინანსებზე. ტალანტები უბრალოდ იბადებიან და მათი საჭადრაკო დაფამდე მიყვანა როგორც იტყვიან დროისა და გამართლების ამბავია.

სპორტის ექსპერტების აზრით, ჭადრაკი საქართველოში ყოველთვის (განსაკუთრებით კი გასული საუკუნის 60-იან, 70-იან წლებში) პოპულარული იყო და დღესაც პოპულარულია, მაგრამ სპორტის ეს გამორჩეულად საინტერესო სახეობა ვერაფრით გახდა მასობრივი. ამის მიზეზი კი სკოლების სპორტულ პროგრამებში ჭადრაკის უგულველყოფაცაა.

ეს მაშინ, როდესაც ცნობილია, რომ ჭადრაკით დაკავებული მოზარდი განსაკუთრებულად კარგად ივითარებს დაკვირვების, ლოგიკური აზროვნების, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების, მოწინააღმდგის პატივისცემის უნარებს და თუკი ყველა ახალბედა მოჭადრაკე დიდი ჩემპიონი ვერ გახდება, იმის იმედი მაინც უნდა გვქონდეს, რომ ჭადრაკის მოყვარული ახალგაზრდები ნამდვილად ღირსეული და გონიერი მოქალაქეები იქნებიან.

Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.068309