ფეხბურთი

1:40 | 2.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “რეალის” იოლი გამარჯვება და “ატლეტიკოს” მარცხი

მადრიდის “ატლეტიკომ” მიმდინარე სეზონის მესამე ტურში პირველი მარცხი იწვნია. “როხიბლანკო” ვიგოში “სელტას” ეწვია, ძალიან ცუდი თამაში აჩვენა და აბსოლუტურად ლოგიკურად დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს მთელი თამაშის განმავლობაში სერხიო ალვარესის კარის ჩარჩოში ზუსტად არ დაურტყამს. მასპინძლები კი საპირისპიროდ, ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და 3 ქულა დამსახურებულად მოიპოვეს.

ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის დაწყებისთანავე დიეგო გოდინის შეცდომა მაქსიმილიანო გომესმა შეირგო და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა, ექვს წუთში კი იაგო ასპასმა მეორე სართულზე ივარგა და სხვაობა გაზარდა. “სელტამ” მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერთან თათბირის შემდგომ, ეს ბურთი არ ჩაითვალა. ასევე 70-ე წუთზე “ატლეტიკოს” სავიჩი გაუძევეს და სტუმრებს თამაშის გადარჩენის აღარანაირი შანსი აღარ ჰქონდათ – 2:0.

სამაგიეროდ, დაგეგმილი 3 ქულა მარტივად მოიპოვა “რეალმა”, რომელმაც წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მეორე ტაიმში ივარგა და კვლავ 4:1 იმარჯვა. გარეთ ბეილის ეფექტურ გოლს, კარილიომ ზუსტი პენალტით უპასუხა და საწყისი 45 წუთი 1:1 მორჩა. მეორე ნახევარში კი “ბლანკოსმა” მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. 48-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ თავური დარტყმით კვლავ წინ გაიყვანა საკუთარი გუნდი, ხოლო 61-ე წუთზე მოდრიჩთან გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე სერხიო რამოსმა დააფიქსირა, რომელმაც 66-ე წუთზე პენალტი აქცია გოლად – 4:1.

აღსანიშნავია, რომ "ლეგანესი" გახდა 33-ე გუნდი, რომლისთვის ქარიმ ბენზემას ლა ლიგაში გოლი გაუტანია.

დღის მესამე მატჩი “ესტადიო ვალეკასზე” უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მოედნის ცუდი მდგომარეობის გამო, “რაიო ვალეკანოს” და “ბილბაოს” შორის გასამართი დაპირისპირება გადაიდო.

სელტა – ატლეტიკო 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 მ.გომესი (46), 2:0 ასპასი (52)
გაძევება: სავიჩი (70 ა.)

რეალი – ლეგანესი 4:1 (1:1)

გოლები: 1:0 ბეილი (17), 1:1 კარილიო (24 პენ.), 2:1, 3:1 ბენზემა (48; 61), 4:1 რამოსი (66 პენ.)

რაიო ვალეკანო – ბილბაო გადაიდო

თეგებილა ლიგა
0.115516