“ლივერპული” და “ჩელსი” კვლავ უდანაკარგო სვლას განაგრძობენ. პრემიერლიგის მეოთხე ტურის პირველ სათამაშო დღეს მერსისაიდელებმა გასვლაზე “ლესტერს” აჯობეს, ხოლო ლონდონელებმა შინ “ბორნმუთს” მოუგეს.
იურგენ კლოპის შეგირდებმა საწყისი 45 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარეს და შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპით გავიდნენ წინ. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა, როდესაც ფლანგზე რობერტსონმა იყოჩაღა და კარგი გადაცემა გაუკეთა სადიო მანეს, რომელმაც ერთი მეტოქე ჩამოიშორა და ზუსტად შესრულება აღარ გასჭირვებია. ტაიმის ბოლო წუთზე კი ჯეიმს მილნერის მოწოდებულ კუთხურს რობერტო ფირმინოს ზუსტი თავური მოჰყვა.
მერსისაიდელებმა მიმდინარე გათამაშებაში პირველი ბურთი 63-ე წუთზე გაუშვეს. ალისონმა ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა: საჯარიმოში იჰეანაჩოს მოტყუება მოინდომა, რაც იმით დასრულდა, რომ ბურთი დაკარგა და რაჩიდ გეჟალის გოლი გაატანინა. დარჩენილ დროში “მელიებმა” გათანაბრება კი სცადეს, მაგრამ სტუმრებმა თავი ჭკვიანურად დაიცვეს და მორიგი 3 ქულა მოიპოვეს – 1:2.
100%-იანი შედეგი აქვს “ჩელსისაც”, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯზე” “ბორნმუთს” სძლია. უგოლო პირველი ნახევრის შემდგომ, “არისტოკრატებმა” ორი გოლის გატანა მოახერხეს. 72-ე წუთზე მასპინძელთა ლამაზი შეტევა საჯარიმოს მისადგომებიდან პედრო როდრიგესმა დააგვირგვინა ჭკვიანური დარტყმით, ხოლო 85-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე განხორციელებული ეფექტური კომბინაცია ედენ აზარის გოლით დასრულდა – 2:0.
“მანჩესტერ სიტი” “ეტიჰად სთედიუმზე” “ნიუკასლს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. რაჰიმ სტერლინგის სწრაფ გოლს, დეანდრე იედლინიმ უპასუხა და ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში გამარჯვების მომტანი ბურთი კაილ უოლკერმა შეაგდო, რომელმაც შორიდან უძლიერესი დარტყმით დუბრავკას შანსი არ დაუტოვა – 2:1.
გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “ევერტონმა”, რომელიც ზაფხულში ძალიან გაძლიერდა. “კანფეტებმა” “ჰადერსფილდს” უმასპინძლეს და მხოლოდ ქულით მოუწიათ დაკმაყოფილება.
თუ “ჩელსის” და “ლივერპულს” ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ, ამდენივე წაგება აქვს “ვესტ ჰემს”. “ჩაქუჩები” ამჯერად შინ “ვულვზთან” დამარცხდნენ. “საუთჰემპტონმა” გასვლაზე “კრისტალ პალასს” აჯობა, ხოლო “ბრაიტონის” და “ფულჰემის” დაპირისპირებაში ოთხგოლა ფრე დაფიქსირდა.
ლესტერი – ლივერპული 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 მანე (10), 0:2 ფირმინო (45), 1:2 გეჟალი (63)
ჩელსი – ბორნმუთი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 პედრო (72), 2:0 აზარი (85)
ბრაიტონი – ფულჰემი 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 შურლე (43), 0:2 მიტროვიჩი (62), 1:2, 2:2 მარი (67; 84 პენ.)
25-ე წუთზე გროსმა (ბ) პენალტი ვერ გაიტანა
კრისტალ პალასი – საუთჰემპტონი 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 ინგსი (47), 0:2 ჰიობერგი (92)
65-ე წუთზე ოსტინმა პენალტი ვერ გაიტანა
ვესტ ჰემი – ვულვზი 0:1 (0:0)
გოლი: ა.ტრაორე (93)
მანჩესტერ სიტი – ნიუკასლი 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 სტერლინგი (8), 1:1 იედლინი (30), 2:1 უოლკერი (52)