XXXII ოლიმპიადა
ერევანი, 1996 წლის 15 სექტემბერი - 2 ოქტომბერი
32-ე საჭადრაკო ოლიმპიადას მეზობელმა სომხეთმა უმასპინძლა. ერევანში ვაჟთა შეჯიბრებაში 114 გუნდი იყო წარმოდგენილი (მასპინძლები სამი გუნდით თამაშობდნენ, რადგან მალის ნაკრები მოიხსნა). სულ 665-მა მოჭადრაკემ იასპარეზა, რომელთაგან 171 დიდოსტატი და 162 საერთაშორისო ოსტატი იყო. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 14 ტურად ჩატარდა.
რუსეთის ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გარი კასპაროვი, ვლადიმირ კრამნიკი, ალექსეი დრეევი, ევგენი ბარეევი და სერგეი რუბლევსკი, დამაჯერებლად იასპარეზა - 12 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 38,5 ქულით ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილზე უკრაინის გუნდი გავიდა 35 ქულით. საინტერესოა, რომ უკრაინელებსაც არცერთი შეხვედრა არ წაუგიათ - რუსებთანაც ფრედ (2:2) ითამაშეს, თუმცა 10 შეხვედრის მოგება და 4 ფრე არ იყო საკმარისი ჩემპიონობისათვის.
34 ქულით მესამე ადგილი აშშ-ს გუნდმა დაიკავა.
საქართველოს ნაკრები (ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე, ზურაბ სტურუა, გენადი ზაიჩიკი, ლაშა ჯანჯღავა და ხვიჩა სუპატაშვილი) 33 ქულით მერვე ადგილზე გავიდა და სულ ქულანახევარი დააკლდა საპრიზო ადგილამდე. ჩვენმა გუნდმა 14 შეხვედრიდან 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.
ინდივიდუალურ შედეგებს თუ გადახედავთ, ზურაბ აზმაიფარაშვილის ანგარიშზე 7 ქულაა 12 პარტიაში, გია გიორგაძემ 8,5 ქულა მოაგროვა (12), ზურაბ სტურუამ - 6,5 (11), გენადი ზაიჩიკმა - 5,5 (10), ლაშა ჯანჯღავამ - 1 (3), ხოლო ხვიჩა სუპატაშვილმა - 4,5 (8)
სამაგიეროდ ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა კვლავ გაახარეს გულშემატკივრები. მაია ჩიბურდანიძემ, ნანა იოსელიანმა, ქეთევან არახამია-გრანტმა და ნინო გურიელმა 14 შეხვედრიდან 10 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და არცერთი მარცხი არ უგემიათ. 30 ქულით საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა და ქულანახევრით ჩამოიტოვა ჩინეთისა და რუსეთის ძლიერი გუნდები.
უშუალოდ ჩინელები ჩვენებმა 2:1 დაამარცხეს. ასეთივე ანგარიშით სძლიეს რუსეთის ნაკრებსაც, რომელმაც ჩინეთის ნაკრების დარად 28,5 ქულა მოაგროვა, მაგრამ უკეთესი კოეფიციენტი ჩინელებს აღმოაჩნდათ და მეორე ადგილი მათ მიეკუთვნათ.
ინდივიდუალურ შედეგებს რაც შეეხება, მაია ჩიბურდანიძემ 8,5 ქულა მოაგროვა(12 პარტიაში), ნანა იოსელიანმა - 10 (13), ქეთევან არახამია-გრანტმა - 8 (10), ნინო გურიელმა - 3,5 (7). ქეთევანი საუკეთესო იყო მესამე დაფაზე.
XXXIII ოლიმპიადა
ელისტა, 1998 წლის 26 სექტემბერი - 13 ოქტომბერი
33-ე საჭადრაკო ოლიმპიადას რუსეთის ქალაქმა ელისტამ უმასპინძლა. ვაჟთა ტურნირში 110 გუნდი ასპარეზობდა, რუსეთი 4 გუნდით იყო წარმოდგენილი. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით13 ტურად ჩატარდა. პირველ ადგილზე რუსეთის ნაკრები გავიდა, რომელიც კასპაროვის გარეშე გამოდიოდა. პეტერ სვიდლერმა, სერგეი რუბლევსკიმ, ევგენი ბარეევმა, ალექსანდრ მოროზევიჩმა, ვადიმ ზვიაგინცევმა და კონსტანტინ საკაევმა მაინც მოახერხეს ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება 35,5 ქულის მოპოვებით და ქულით გაისწრეს მეორე ადგილოსან აშშ-ს ნაკრებს. რუსებმა ერთადერთი შეხვედრა წააგეს მე-17 ადგილზე გასულ ბულგარეთის გუნდთან. მესამე აგგილზე უკრაინის გუნდი გავიდა 32,5 ქულით.
საქართველოს ნაკრებმა წინა ოლიმპიადასთან შედარებით ერთი ადგილით ზევით აინაცვლა. ქართველმა ვაჟებმა 13 შეხვედრიდან 6 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 შეხვედრაში დამარცხდნენ, მოაგროვეს 31,5 ქულა და მეშვიდე ადგილზე გავიდნენ.
ზურაბ აზმაიფარაშვილმა 8 ქულა მოაგროვა 10 პარტიაში, გია გიორგაძემ - 4,5 (10), ზურაბ სტურუამ - 7,5 (10), გიორგი ბაღათუროვმა - 5 (9), ხვიჩა სუპატაშვილმა - 4 (8), ხოლო ლაშა ჯანჟღავამ - 2,5 (5).
მძიმე ბრძოლებში დათმეს ტიტული ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა. არადა, მათ ელისტაში ყველაზე მეტი გამარჯვება (11) მოიპოვეს, თუმცა ვიეტნამელებთან (0-3) და რუსეთთან (1-2) მარცხმა, დიდი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. ყველაზე მოულოდნელი მე-14 ადგილზე გასულ ვიეტნამის ნაკრებთან წაგება იყო. ქართველებმა რუსებთან ერთად 27-27 ქულა მოაგროვეს და უკეთესი კოეფიციენტით რუსები მეორე ადგილზე გავიდნენ, საქართველოს ნაკრები კი - მესამეზე აღმოჩნდა. ჩემპიონი კი 29 ქულით ჩინეთის ნაკრები გახდა, რომელთანაც ქართველებმა 2:1 იმარჯვეს...
პირად შედეგებს რაც შეეხება, მაია ჩიბურდანიძის მონაგარი 9,5 ქულა იყო 12 შესაძლებლიდან, ნანა იოსელიანმა ამდენივე პარტიაში 8 ქულა მოიპოვა, ქეთევან არახამია-გრანტის ანგარიშზეა 8 ქულა (11), ხოლო ნინო ხურციძემ 4 პარტიაში მხოლოდ 1,5 აიღო.
გაგრძელება იქნება