ფეხბურთი

1:09 | 1.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" დრამატული გამარჯვება

იტალიის სერია A-ს მესამე ტური ცენტრალური და ძალიან მაგარი მატჩით გაიხსნა. მილანში, “სან სიროზე”, “როსონერიმ” “რომა” მიიღო და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა.

თამაშიც ძალზე მაღალი ხარისხის გამოვიდა და რაც მთავარია, მისი ბედი მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გადაწყდა. მთლიანობაში, თანაბარი შეხვედრა იყო, მაგრამ თუ ვინმე იმსახურებდა გამარჯვებას, ეს უპირველეს ყოვლისა მასპინძელი გუდი გახლდათ. ჯენარო გატუზოს შეგირდებმა სეზონის პირველ საშინაო თამაშში მეტად გამართული ფეხბურთი აჩვენეს და პირველი გოლი ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანა.

რიკარდო როდრიგესმა მარცხენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელსაც ფრანკ კესიე გამოეხმაურა. კოტ დივუარელს ხელი “რომას” მცველებმა ვერ შეუშალეს და ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ტაიმიც ასე დასრულდა.

ანგარიშში ჩამორჩენილი “ჯალოროსი” მეორე ნახევარში გააქტიურდა და მალევე მიაღწია საწადელს. ამჯერად ლომბარდიელთა მცველებმა ითამაშეს უყურადღებოდ და ფედერიკო ფაციომ ერთი შეხებით, გამოზომილი დარტყმით ჯანლუიჯი დონარუმას მარჯვენა კუთხეში გაუტანა. შემდეგ იყო კიდევ ორი გოლი, თავიდან ჩათვლილი, მაგრამ მერე გაუქმებული. პირველად გონსალო იგუაინმა გაიტანა სადებიუტო გოლი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით გოლი გაუქმდა. შემდეგ კი, სტივენ ნზონზიმ გაიტანა “რომას” მაისურით ასევე სადებიუტო გოლი, მაგრამ სანამ კარში დაარტყამდა, ხელით ითამაშა. VAღ-მა ეს გოლიც გააუქმა და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მარკო გუიდამ ხუთი წუთი დაამატა, მაგრამ თამაშს ისეთი პირი უჩანდა, არაფერი უნდა შეცვლილიყო. თუმცა, სწორედ ამ დროს იგუაინმა ითამაშა დიდებულად, რომელმაც სტუმართა დაცვის ხაზი ერთი უბრალო, მაგრამ ბრწყინვალე გადაცემით უსაქმოდ დატოვა და პატრიკ კუტრონე მეკარეს პირისპირ შეატოვა. ახალგაზრდა ფორვარდმა ივარგა და “სან სირო” აფეთქდა. “მილანმა” მოიგო და მილანში ბევრი სიხარული იყო. ხარობდნენ ტრიბუნებზე მყოფი პაოლო მალდინი, რიკარდო კაკა და ლეონარდო.

“რომამ” კი სეზონი წარუმატებლად დაიწყო და სამ ტურში 4 ქულა ეუსებიო დი ფრანჩესკოს უკმაყოფილების საბას ნამდვილად აძლევს.

კალჩოს მესამე ტური შაბათს ორი მატჩით გაგრძელდება. “ბოლონია” “ინტერს”, ხოლო “პარმა” “იუვენტუსს” უმასპინძლებს.

“მილანი” – “რომა” 2:1 (1:0) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 60 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი (ლაქსალტი 76); კესიე, ბილია, ბონავენტურა (კუტრონე 84); სუსო, იგუაინი, ჩალჰანოღლუ (კასტილიეხო 81)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

“რომა” (3-4-3): ოლსენი; მანოლასი, ფაციო, მარკანო (ელ შაარავი 46); კარსდორპი (სანტონი 78), დე როსი, ნზონზი, კოლაროვი; შიკი, ჯეკო, პასტორე (კრისტანტე 68)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 კესიე (40), 1:1 ფაციო (59), 2:1 კუტრონე (90)

გაფრთხილება: კრისტანტე (77), დე როსი (89)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (10) – 5 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 8:3

მსაჯი: მარკო გუიდა

თეგებისერია A
0.111725