მოსკოვის „სპარტაკის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ქვინსი პრომესი კარიერას ესპანურ „სევილიაში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ორივე გუნდი ოფიციალურად ადასტურებს.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ანდალუზიელთა რიგებში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სეზონში კი ანაზრაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება „სპარტაკს“ - რუსულმა გუნდმა 21 მილიონი ევრო მიიღო პრომესის სანაცვლოდ.
26 წლის ქვინსი პრომესი „სახალხო გუნდში“ 2014 წელს ენსხედეს „ტვენტედან“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ხსენებული დროის განმავლობაში პრომესმა „სპარტაკის“ რიგებში 135 მატჩი ჩაატარა, 66 გოლი გაიტანა და 34 საგოლე პასი გააკეთა. გახდა რუსეთის ჩემპიონი და მოიგო რუსეთის სუპერთასი.
აღსანიშნავია, რომ პრომესი „სპარტაკის“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ლეგიონერებს შორის. ჰოლანდიელმა ბრაზილიელი ველინტონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც თავის დროზე 61 გოლი ჰქონდა გატანილი.
ქვინსი 2014 წლიდან ჰოლანდიის ნაკრების წევრიცაა და 28 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი.