ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ აწ უკვე ყოფილი მეკარე კევინ ტრაპი გერმანიაში დაბრუნდა. 28 წლის კარის დარაჯი კარიერას ფრანკფურტის „აინტრახტში“ გააგრძელებს. როგორც გერმანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ფეხბურთელთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.
კონტრაქტის პირადი დეტალები ცნობილი არაა. აღსანიშნავია, რომ ტრაპმა პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ამ ეტაპზე მესამე მეკარედ მიიჩნეოდა ალფონს არეოლასა და ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ.
ტრაპი პსჟ-ში 2015 წელს სწორედ „აინტრახტიდან“ გადავიდა. ორჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასიც. ფრანკფურტელთა რიგებში კი 2012-2015 წლებში 82 შეხვედრა აქვს ჩატარებული.