ფეხბურთი

13:22 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოთარ კაკაბაძე "ლუცერნის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას შვეიცარიის სუპერლიგის ბინადარ “ლუცერნში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

კაკაბაძემ “ლუცერნთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, 2021 წლის 30 ივნისამდე.

“მადლობა ოთარ! ის არის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი და ახალგაზრდა, მშიერი, რომელსაც დარწმუნებულნი ვართ, რომ თავისი პოტენციალი ბოლომდე ჯერ არ უჩვენებია”, - განაცხადა “ლუცერნის” წარმომადგენელმა რემო მეიერმა.

“ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. მოუთმენლად ველოდები თამაშს, რომ ბიჭებს დავეხმარო. მადლობა შესანიშნავი დახვედრისთვის”, - თქვა ქართველმა მცველმა.

ოთარ კაკაბაძე “ლუცერნში” მეორე ქართველია, რადგან ამ გუნდის ღირსებას მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული ვაკო გვილია იცავს. 23 წლის ჩვენებურს აქამდე ლა ლიგის ბინადარ “ხეტაფეს” უკავშირებდნენ, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა.

რაც შეეხება “ხიმნასტიკს” – ოთარი ტარაგონაში 2016 წელს აღმოჩნდა და გასულ სეზონში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. ლა ლიგა 2-ში კაკაბაძემ 36 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. 2016-2017 წლების სეზონის მეორე ნახევარში კი იჯარით დანიურ “ესბიერგში” ირჯებოდა.

0.112104