ჩოგბურთი

9:30 | 30.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ამერიკის ღია ჩემპიონატის მესამე წრეშია

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია ჩემპიონატზე მეორე შეხვედრა მსოფლიოს მე-18 ნომერთან, ჯეკ სოკისთან გამართა და ამერიკელი 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა.

განვლილ შეხვედრაში ნიკოლოზმა დამაჯერებლად ითამაშა. პირველი წაგებული სეტის შემდეგ ბასილაშვილმა ზედიზედ ორი სეტი ისე მოიგო, რომ ამერიკელს ბრეიკის შესაძლებლობაც არ ჰქონია. ბოლო სეტში ქართველმა მეცხრე გეიმზე მეტოქე დააბრეიკა და 5:4 დაწინაურდა, თუმცა მეათე გეიმში საკუთარ მოწოდებაზე წააგო და ჯეკს იმედი გაუჩნდა. საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ნიკოლოზს უფრო გაუმართლა, 7:3 მოიგო და მატჩის გამარჯვებული გახდა.

ბასილაშვილმა 11 ეისი მოაწოდა, ხოლო სოკმა - 7. მართალია ორმაგი შეცდომა ქართველს მეტოქეზე მეტი ჰქონდა (7-3), თუმცა ამან მატჩზე გავლენა არ იქონია. ქართველმა გათამაშებიდან ქულები 45-ჯერ მოიპოვა, ხოლო სოკს 37 ვინერსი ჰქონდა. ნიკოლოზმა 11-ით ნაკლები შეცდომა დაუშვა (30-41). პროცენტული მაჩვენებლებით როგორც პირველ, ასევე მეორე მოწოდებაზე საქართველოს პირვემა ჩოგბურთელმა მეტოქეს აშკარად აჯობა და საბოლოოდ თითქმის სამსაათიან ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი პირველად გავიდა ამერიკის ღია ჩემპიონატის მესამე წრეში. აქამდე დანარჩენი სამი დიდი სლემის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზმა გასვლა მოახერხა და ახლა აქვს შანსი პირველად გავიდეს მერვედფინალში. ამისთვის ბასილაშვილმა არგენტინელი გვიდო პელა უნდა დაამარცხოს. აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. სამხრეთამერიკელმა პირველ წრეში კასპერ რუდი დაამარცხა (3:0), ხოლო მეორეში - პაოლო ლორენცი (3:0). იმ შემთხვევაში თუ ნიკოლოზი პელას დაამარცხებს, მერვედფინალში რაფაელ ნადალსა და კარენ ხაჩანოვს შორის საუკეთესოს შეხვდება.

ნიკოლოზმა სოკისთან გამარჯვებით 90 სარეიტინგო ქულა და 156,000 დოლარი გამოიმუშავა.

0.116876