საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. აღნიშნული პოზიცია სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ დააფიქსირა.
მისი განცხადებით, ფედერაცია კვლავინდებურად გვერდში უდგას გურამს და ემიჯნება ყოველგვარ დისკრიმინაციასა და ძალადობას:
“ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია რა თქმა უნდა, უცვლელია. ჩვენ კვლავ ვეწინააღმდეგებით ყოვლეგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას, გვერდში ვუდგავართ გურამს და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საგულისხმოა ალბათ ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მოსალოდნელი მატჩების ფონზე, თუმცა თამაშების ორგანიზება და უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული იქნება უმაღლეს დონეზე. ჩვენ, როგორც ფეხბურთის ფედერაცია, როგორც გუნდი ვფიქრობთ, მხოლოდ და მხოლოდ სპორტულ შედეგზე”, - განაცხადა ჯღარკავამ რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში.