ფეხბურთი

17:20 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მინდვრის პრობლემა - ბათუმის "დინამო" საშინაო მატჩებს ქუთაისში ჩაატარებს

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარი ბათუმის "დინამო" საშინაო მატჩებს ისევ ქუთაისში ჩაატარებს. ამის შესახებ იმ განცხადებიდან ვგებულობთ, რომელიც აჭარულმა გუნდმა ფეისბუქზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. მიზეზი კლუბის სპორტულ ბაზაზე მინდვრის საფარის დაზიანებაა. შედეგად, სანამ მოედნის მდგომარეობა გამოსწროდება, "დინამო" ისევ "რამაზ შენგელიას" სტადიონზე ითამაშებს.

განცხადებას კი, უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო გულშემატკივრებო!

კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში კლუბის სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფარიანი მოედანი საკმაოდ დაზიანდა და ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ალბათ გახსოვთ, რომ სეზონის დასაწყისში, სწორედ მინდვრის საფარზე გაფრთხილების გამო ჩვენ მაქსიმალურად გადავდეთ ე.წ. „სახლში დაბრუნების“ პროცესი და რამდენიმე საშინაო შეხვედრის გამართვა ქუთაისში მოგვიხდა, მიუხედავად ამისა უარყოფითი შედეგი მაინც დადგა და მინდვრის საფარი სავალალო მდგომარეობაშია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სასწრაფო რეჟიმში მოწვეული იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები და მათი რეკომენდაციით უკვე მიმდინარეობს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარება „დინამოს“ ისევ ქუთაისში მოუწევს. სპეციალისტების ვარაუდით აღნიშნული პროცესი სექტემბრის ბოლომდე გასტანს და ეროვნული ლიგა II- ის დასკვნითი, მეოთხე წრის მატჩებს გუნდი საკუთარ კედლებში ჩაატარებს. აქვე დავძენთ, რომ სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით მიმდინარე პერიოდი, მოედნის საფარის გასაუმჯობესებლად და პრევენციისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია.

ჩვენ ვიცით, რომ „დინამო“ ბათუმს მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი ყავს და ყველგან და ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, ამიტომ ქუთაისში გასამართ მატჩებზე გამგზავრების მსურველ გულშემატკივარს, კლუბის ადმინისტრაცია ტრასნპორტირების და კვების ხარჯებს აუნაზღაურებს", - ნათქვამია განცხადებაში.

0.154191