ფეხბურთი

2:10 | 28.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “ტოტენჰემმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” გაანადგურა

პრემიერლიგის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ტოტენჰემს” დაუხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუშვა.

“ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილმა მაყურებელმა ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი იხილა. საწყის 45 წუთში მასპინძლები აშკარად უკეთესად თამაშობდნენ, მეორე ნახევარში კი ეს უპირატესობა სადღაც გაქრა და “ტოტენჰემმა” ჟოზე მოურინიოს გუნდს შავი დღე დამართა.

“იუნაიტედს” პირველ ნახევარში რამდენიმე მომენტი ჰქონდა, რომელთაგან გამოსაყოფი პოლ პოგბას და რომელუ ლუკაკუს მომენტებია. პოგბას შორეულ გასროლას უგო ლორისი გაუმკლავდა, ხოლო ბელგიელმა ფორვარდმა დენი როუზის უკან გაკეთებული პასი ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელიც ჩამოიშორა, თუმცა მახვილი კუთხიდან ცარიელ კარს ოდნავ ააცილა.

მეორე ნახევარი “ტოტენჰემისთვის” დიდებულად დაიწყო და საწყის შვიდ წუთში ფაქტობრივად შეხვედრის ბედი გადაწყდა: 50-ე წუთზე ტრიპიერმა კუთხური ჩააწოდა, საჰაერო ორთაბრძოლაში კი ჰარი კეინმა ფილ ჯონსი დაჩაგრა და შესანიშნავი თავურით დავიდ დე ხეა გააშეშა. ორიოდე წუთში კრისტიან ერიკსენმა ფლანგზე იყოჩაღა, შემდეგ საჯარიმოში ლუკას მოურას დაბალი გადაცემა გაუკეთა და ბრაზილიელმა შემტევმა სხვაობა გაზარდა. ლუკასმა შეხვედრის ბოლოს კრის სმოლინგი დამწყები ბავშვივით გააბითურა, დე ხეასთან პირისპირ დარჩა და უნაკლო დარტყმით დუბლი გაიფორმა. უნდა ითქვას, რომ კეინს და ალის კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ჰარიმ ოდნავ ააცილა, ხოლო დელეს მეკარემ აჯობა – 0:3.

ამრიგად, სამი ტურის შემდეგ, “ლივერპულის”, “ჩელსის” და “უოტფორდის” მსგავსად, “ტოტენჰემიც” უდანაკარგოა, ხოლო “წითელ ეშმაკებს” სამი ქულა აქვთ.

მანჩესტერ იუნაიტედი – ტოტენჰემი 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 კეინი (50), 0:2, 0:3 მოურა (52; 84)

0.133512