ფეხბურთი

2:00 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ჩემპიონმა პირველი ქულები დაკარგა

პრემიერლიგის მესამე ტურის პირველ სათამაშო დღეს სენსაცია დაფიქსირდა. მოქმედმა ჩემპიონმა და ასევე ახალი სეზონის მთავარმა ფავორიტმა “მანჩესტერ სიტიმ”, სტუმრად ელიტაში ახლადგამოსულ “ვულვზთან” გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა.

პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა გასაკვირი არაა, რომ უპირატესობა “ქალაქელები” ფლობდნენ. რაჰიმ სტერლინგს რუი პატრისიო რთული ბურთი აუღო, ისევე როგორც სერხიო აგუეროს. გარდა ამისა, არგენტინელმა ძელსაც მოარტყა ბურთი.

მეორე ნახევარი კი “სიტისთვის” ცუდად დაიწყო და 56-ე წუთზე “მგლები” დაწინაურდნენ: ჟოაო მოუტინიოს ჩაწოდების შემდეგ, შეტევაში ჩართული უილი ბოლი გაისარჯა კარგად და ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა. “ქალაქელებმა” მასპინძლებს სათანადოდ 69-ე წუთზე უპასუხეს და ამის გაკეთება ამჯერადაც ცენტრალურმა მცველმა მოახერხა, აიმერ ლაპორტემ უძლიერესი თავურით მეკარეს შანსი არ დაუტოვა. დარჩენილ დროში “სიტის” მოგება შეეძლო, თუმცა გაბრიელ ჟეზუსის თავურს პატრისიო გაუმკლავდა და საკუთარ გუნდს ქულა შეუნარჩუნა – 1:1.

უნაი ემერის ხელმძღვანელობით პირველი ქულები მოიპოვა “არსენალმა”, რომელმაც შინ თანაქალაქელი “ვესტ ჰემი” დაამარცხა. თავდაპირველად, “ჩაქუჩები” მარკო არნაუტოვიჩის გოლით იგებდნენ, თუმცა ნაჩო მონრეალმა მალევე გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარში “მეთოფეები” ჯერ დიოპის ავტოგოლით გავიდნენ წინ, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დენი უელბეკმაც გამოიჩინა თავი – 3:1.

უდანაკარგოა “ლივერპული”, რომელმაც მესამე მატჩი მოიგო და ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი კვლავ არ გაუშვია. მერსისაიდელებმა “ბრაიტონს” უმასპინძლეს და დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვეს. მასპინძლები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს: 23-ე წუთზე “ბრაიტონის” მოთამაშეებმა საკუთარ ნახევარზე დაკარგეს ბურთი, რასაც მასპინძლების უსწრაფესი იერიში მოჰყვა, რომელიც მოჰამედ სალაჰის უზუსტესი დარტყმით დაგვირგვინდა – 1:0.

Mეორე მერსისაიდული გუნდი “ევერტონი” 75-ე წუთამდე გასვლაზე “ბორნმუთს” ამარცხებდა, თუმცა ოთხწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუშვა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება. “ლესტერს” მაგუაირმა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოაგებინა “სენტ მერიზე”, ხოლო “ჰადერსფილდის” და “კარდიფის” დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0.

ვულვზი – მანჩესტერ სიტი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბოლი (57), 1:1 ლაპორტე (69)

არსენალი – ვესტ ჰემი 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (25), 1:1 მონრეალი (30), 2:1 დიოპი (70 ს.კ.), 3:1 უელბეკი (92)

ბორნმუთი – ევერტონი 2:2 (0:0)

გოლები: 0:1 უოლკოტი (56), 0:2 კინი (66), 1:2 კინგი (75 პენ.), 2:2 აკე (79)
გაძევება: სმიტი (61 ბ.) – რიჩარლისონი (41 ე.)

ჰადერსფილდი – კარდიფი 0:0

გაძევება: ჰოგი (63 ჰ.)

საუთჰემპტონი – ლესტერი 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 ბერტრანი (52), 1:1 დ.გრეი (56), 1:2 მაგუაირი (92)
გაძევება: ჰიობერგი (77 ს.)

ლივერპული – ბრაიტონი 1:0 (1:0)

გოლი: სალაჰი (23)

0.104592